პოლონეთში ქმრის მიერ მოკლულ ქალს ზუგდიდში დღეს ჩამოასვენებენ

როზეტა ყალიჩავა

პოლონეთში, 24 მაისს ქმრის მიერ მოკლული ზუგდიდელი 26 წლის როზეტა ყალიჩავას ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16 საათზე ჩამოასვენებენ, მოგვიანებით კი ზუგდიდის სოფელ დარჩელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ, - ამის შესახებ გარდაცვლილის და ლორიტა ყალიჩავა აცხადებს.

ცხედარს ვერ ჩამოჰყვება ახალგაზრდა ქალის ძმა, გოგა ყალიჩავა,რომლის საზრუნავი ახლა მისი დისშვილებია.
ოჯახი როზეტას სამი მცირეწლოვანი - ექვსი, ოთხი და ორი წლის შვილების საქართველოში ჩამოყვანას ცდილობს.
ბავშვები ამჟამად პოლონეთში, თავშესაფარში იმყოფებიან და დეიდის თქმით,მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ.

„ბავშვების სანახავად ჩემი ძმა იყო მისული, ისიც პოლონეთში ცხოვრობს. მან წაიყვანა როზეტა და ბავშვები.
ტირიან და დედას კითხულობენო. უცხო გარემოში არიან, არავის იცნობენ, პატარები არიან და ძალიან განიცდიან. ყველას ვთხოვ, ვისაც კი შეიძლება, რომ ეს ამბავი ეხებოდეს, იქნებ როგორმე დროულად მოხერხდეს ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა. დაგვეხმარონ, რომ ბავშვები სახლში დავაბრუნოთ“.,-ამბობს და ლორიტა ყალიჩავა.
"საფარის" იურისტი თამარ ლუკავა იმედოვნებს,რომ ზუგდიდის საქალაქო სასამართლო დროებით განკარგულებას ბებიის (როზეტას დედის) მეურვეობის შესახებ უახლოეს პერიოდში გამოსცემს და მოკლული ქალის შვილები საქართველოში მომავალი კვირის ბოლოს დაბრუნდებიან.

„ჩვენი მოლოდინით, ზუგდიდის საქალაქო სასამართლო სამშაბათს ან ოთხშაბათს [7 ან 8 ივნისი], ზეპირი მოსმენის გარეშე გამოსცემს დროებით განკარგულებას. „საფარის“ იმერეთის ოფისის წარმომადგენელი იმყოფებოდა ზუგდიდში და სოციალურ სამსახურში უთხრეს, რომ სასამართლოს იმ კვირაში მიმართავენ და შესაბამისად, სასამართლოც იმავე კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორც კი განკარგულება გამოიცემა, ბებიას იმ დღესვე ექნება საშუალება, რომ ნოტარიულად გააკეთოს მინდობილობა ნათესავზე საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბავშვების წამოყვანას შეძლებს. ბილეთები 11 ივნისისთვისაა აღებული და თუ მანამდე მოესწრება ყველა ამ პროცედურის გავლა, წესით, ბავშვები საქართველოში 11 ივნისს ჩამოვლენ“.-ამბობს და.

ყალიჩავების დედა ფატიმა ყალიჩავა 4 წლიანი ემიგრაციის შემდგომ სამშობლოში დაბრუნდა.

რაც შეეხება როზეტა ყალიჩავას ქმარს, 42 წლის კაცს, რომელმაც ცოლი 24 მაისს, პოლონეთის ქალაქ ლოძში, სახლში მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ბინას ცეცხლი წაუკიდა და თვითდაზიანებები მიიყენა, დაიკითხა.
როგორც პოლონური მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, გამოძიებამ როზეტა ყალიჩავას ქმარი 27 მაისს, კლინიკაში დაკითხა.

მას ბრალი ცოლის მკვლელობისთვის ოფიციალურად წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას უვადო პატიმრობა ელის.

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, როზეტამ დახმარების თხოვნით საქართველოში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარს“ მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ „საფარის“ იურისტმა ქალის გადასარჩენად საქმის კურსში ჩააყენა როგორც საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროები, ისე პოლონეთში საქართველოს საელჩო, ქალის დაცვა მაინც ვერ მოხერხდა.

"საფარი“ გეგმავს, რომ 26 წლის ქალის მკვლელობის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉  VIDEO: „კატა შავ-თეთრი ზოლებით, თურმე არასდროს შორდება ანას საფლავს - საკუთარ დაბადების დღეზე გარდაცვლილი გოგოს შესახებ შოთო სიხარულიძე საუბრობს

👉 „მე და ჩემი შვილები ქმარმა ცისფერი თვალების ქონის გამო მიგვატოვა“ – ნიგერიაში მცხოვრები რისიკატის ისტორია

👉 შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარმა გაყრის შემდეგ ხელახლა იქორწინა - ასლან აბაშიძის ვაჟის ოჯახის ისტორია

👉 VIDEO: უმძიმესი კადრები ბუჩადან, რომელსაც New York Times-ი ავრცელებს