„პიტნა წავიღოთ და დავრგოთ ბრიტანეთში. იქ გავასინჯოთ ხალხს შატილის პიტნის ჩაი...“ - ემიგრაციისთვის გამზადებული წყვილის გეგმები

margaret

„პიტნა ქოთნით წავიღოთ და დავრგოთ ბრიტანეთში. სიმბოლურად. გავასინჯოთ ხალხს, ჩვენი შატილის პიტნის ჩაი, თავშავა, კრაზანა... დეკა წავიღოთ...“ - "მთის ამბებთან" ინტერვიუში თქვეს მარგარეტმა და გიორგიმ.

შატილის კოშკი დასახლებული ამ ახალგაზრდა და ლამაზი წყვილის შესახებ ,,პრაიმტაიმის" მკითხველმა იცის. 

ძველ კოშკში ნაშენ ახალ ბუდეში მომავალი დასახეს. გიორგის კაფე „სანფლაუერსისთვის“ უნდა მიეხედა, მარგარეტს სახელოსნო გაეხსნა, ხევსურული, ვერცხლის სამკაულები ეწარმოებინა და საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცე შეექმნა.

არ გამოვიდა, რადგან შატილში საცხოვრებელი პირობები არ არის. ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდებათ, არ ჰყავთ ექიმი, არ არის მედიკამენტები, ზამთარში - პროდუქტი... და ამ სავალალო რეალობას ამძაფრებს ისიც, რომ მარგარეტისა და გიორგის ოცნებების მსგავსად, ხევსურული კოშკებიც დანგრევის პირასაა. 

მარგარეტ დაიაური და გიორგი ჭინჭარაული შატილში დარჩენის პერსპექტივას ვეღარ ხედავენ. ახლად შეუღლებული წყვილის გეგმებში უკვე ემიგრაციაში წასვლის სურვილი გარდაუვალად შემოიჭრა.

„რაც დრო გადის, ყურადღებას მით უფრო არ გვაქცევენ.

წასვლა მარტივი არ არის, თანხაც დიდი ჯდება, თან გარანტია არ არის. მიუხედავად ამისა, უეჭველად რომ წავალთ, ვიცი. წელს ოთხნი დავტოვებთ შატილს. დარჩება სამი ახალგაზრდა. მათაც შეიძლება დატოვონ აქაურობა... ხევსურეთის შემოსავალი ტურიზმი იყო. აქაური არ დაიწუწუნებს, მაგრამ როგორ უნდა არჩინონ ოჯახი, არ ვიცი" - ამბობს გულდაწყვეტილი გიორგი.