1733169705
„ვაჟას მეტს, ცოლად არავის გავყვებიო – უთქვამს და სიკვდილამდე უცდიდა თურმე... გარდაცვლილს კი, პოეტის ფოტო ჩააყოლეს“ - უცნობი ისტორია ვაჟა-ფშაველაზე
ალბათ, ცოტამ თუ იცის ვაჟა-ფშაველაზე შეყვარებული ქალის ისტორია. ნინო ფურცელაძე ლამაზი ქალი ყოფილა. ვაჟა ჰყვარებია. პოეტს კი მასზე შეყვარებული ქალი ამ სიტყვებით გაუსტუმრებია - შენ მთაში ვერ გაძლებ, მე - ბარადო.
უიმედოდ შეყვარებული ნინოსთვის კი საფლავში პოეტის სურათი ჩაუყოლებიათ... ამ საოცარ ისტორიაზე სოციალურ ქსელში ნინო ჭინჭარაული წერს.
„ბავშვობაში ეს საოცარი, ალბათ, ბევრისთვის უცნობი ისტორია ბებიაჩემის რვეულში ამოვიკითხე. ბებო 80 წელს მიღწეული ქალია, რომელიც პოეზიით ცხოვრობს. აქვს თიანეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუშაობისას თავისი ხელით შექმნილი ორი უძვირფასესი ალბომი - მირზა გელოვანზე და ქართველ დედებზე. ასევე აქვს სამი სქელტანიანი რვეული - ლექსებითა და საინტერესო ისტორიებით სავსე. ვის აღარ იცნობდა ახალგაზრდობაში; გალაკტიონს, გაბრიელ ჯაბუშანურს, რასულ გამზათოვს...
მის რვეულში უამრავი უცნობი და საინტერესო ამბის ამოკითხვა შეიძლება. ერთ-ერთი მათგანია ეს ისტორიაც, რომელიც ამოვიწერე და ჩემი ბლოგის მკითხველისთვის აქაც გადმოვიტანე. როგორც რვეულში ეწერა, ამ ამბავს იხსენებს ნიკო სულხანიშვილის მეუღლე.
ვაჟა-ფშაველაზე შეყვარებულ ნინოს საფლავში პოეტის სურათი ჩააყოლეს - სევდიანი სიყვარულის ამბავი...
ნინო ფურცელაძე ლამაზი ქალი ყოფილა, ვაჟა ჰყვარებია. ვაჟას უთქვამს: თქვენ მთაში ვერ გაძლებთ, მე კი ბარადო.
მე ვაჟას მეტს არავის გავყვებიო, – უთქვამს და სიკვდილამდე უცდიდა თურმე. როცა გარდაცვლილა ნინო, დებს საფლავში ვაჟას ფოტოსურათი ჩაუყოლებიათ.
როცა ქაშუეთში ვაჟას ცხედარი დაასვენეს, თმაგაშლილი და გაჭაღარავებული მანდილოსანი შევიდა, კართან ჩაიჩოქა და ტირილი აღმოხდა. მამაკაცებმა ერთმანეთს ანიშნეს, ბოლოში მდგარმა ხელი მოჰკიდა მოქვითინეს და ძლივს გაიყვანა ეზოში. ეს იყო ნინო, ამის შემდეგ დიდხანს აღარც უცოცხლია..."