"პირველი ეგ ვიკითხე, "პრაიმ ჰაუსში" ინტიმური ურთიერთობები იქნება-მეთქი?" - რას გვპირდება რეალითში 37 წლის გიორგი ნაზღაიძე - Exclusive

giorgi nazgaidze

ერთად ცხოვრება, გამოწვევების გადალახვა და დავალებების შესრულება - მალე "რუსთავი 2"-ზე რეალითი შოუ დაიწყება. "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობის მსურველთათვის ონლაინ ანკეტის შევსება გრძელდება. ასე რომ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

"პრაიმ ჰაუსის" ერთ-ერთი  სავარაუდო მონაწილე გიორგი ნაზღაიძეა.

მთავარი მოტივაცია, რისთვისაც 37 წლის ნაზღაიძე რეალითი შოუში მონაწილეობაზე დათანხმდა, პროექტის შემქმნელების მაღალი რეპუტაცია და პროფესიონალიზმია.

გიორგი ნაზღაიძე: - სულ ვამბობდი, ნეტავ ისეთი ხარისხიანი რეალითი მომზადდეს საქართველოში, ჩემთვის საინტერესო იყოს-მეთქი. რეალითები - "მზის სახლი"და "მდიდრები და ღარიბები" კი იმ დროს საინტერესო იყო, თუმცა მასშტაბური არ ყოფილა. 

"რუსთავი 2"-ის გუნდი, რომელიც ახლა რეალითის, "პრაიმ ჰაუსის" კეთებას იწყებს, ზუსტად ვიცი, მასშტაბურობასაც მისცემს შოუს და ხარისხსაც. ეს იყო ჩემთვის მიმზიდველი. ვთვლი, რომ ყველაზე ყურებადი პროექტი იქნება. 

მე საზოგადოებას გაზრდილი ნაზღაიძე უნდა ვაჩვენო. მინდა დაინახონ განსხვავება ძველსა და ახალ გიორგის შორის. და ბოლოს - მაინტერესებს პრიზიც (ჯერ არ ვიცი, რა პრიზია).

გარდა ამ ყველაფრისა, მინდა საზოგადოებას დავანახო ის ნაზღაიძეც, რომელსაც მერე "მასალად" გამოიყენებენ და დაასაქმებენ. რეალითი კარგი ბაზაა, რომ აქედან გადახვიდე სხვაგან, ან ისევ ტელევიზიაში დარჩე, თუკი შემოთავაზება იქნება. 

- "გაზრდილ ნაზღაიძეში" სკანდალური და ეპატაჟური გიორგი ნაზღაიძე არ მოიაზრება?

- სკანდალური არა, თამამი და პირდაპირი ვარ. ადრე ისეთ რამეს ვაკეთებდი, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემთვის მიუღებელია. როდესაც ვთვრებოდი, ნებისმიერ ღონისძიებაზე, დაბადების დღე იყო ეს, თუ დახურული ივენთი, ტანსაცმელს ვიხდიდი და ტიტველი დავრბოდი. ყველგან სტრიპტიზს ვცეკვავდი. ეს იყო სკანდალი. ალბათ, ჩარჩოების დანგრევა მინდოდა. საზოგადოებისთვის მიუღებელ ნაბიჯებს ვდგამდი და შეიძლება ძალით ვაღიზიანებდი. არ ვიცი.  თამამი და პირდაპირი ყოველთვის ვიქნები. აწი უკვე სწორი ფორმით.  ხმაურისთვის, სულ სხვა რამის გაკეთება შეიძლება, გახდა აღარ მჭირდება. თუმცა ფიზიკურ ფორმაში დღესაც ვარ.

- მგონია, რომ ნაზღაიძე, რეალით შოუში, ინტიმურ ურთიერთობაზე წამსვლელი არის.

- პირველი ეგ ვიკითხე, შოუში ინტიმური ურთიერთობები იქნება-მეთქი? ეს საინტერესოა. როდესაც წლების წინ "ჯეობარში" ეს მოხდა, საზოგადოებისგან დიდი აგრესია წამოვიდა. საინტერესოა, საზოგადოება მივიდა იქამდე, რომ რეალით შოუში სექსი რომ ნახოს, არ გაღიზიანდეს?

ეს ალბათ იქნება. იმედია, როგორც წლების წინ, კამერებს არ გათიშავენ. ძალით და ეპატაჟურად არ ვიზამ, თუ მომინდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში.

ინტიმური კავშირის გარეშეც შეგიძლია თავი დაამახსოვრო ხალხს. 

ტაქტიკა საჭიროა. 

- სამთვიანი ჩაკეტვისთვის ემზადები?

- ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. პერიოდულად, როდესაც განმარტოება მინდება, აგარაკზე მივდივარ. ჩაკეტილი სივრცე ჩემთვის პრობლემა არ არის. ამისთვის ფსიქოლოგიური მომზადება არ მჭირდება.

 - რას წაიღებ?

- ერთ-ერთ რეალითში "ტრიუმფალური თაღი" მქონდა შეტანილი. ახლაც, თუ ამ რეალითში შევედი, სქელტანიან წიგნს შევიტან. წიგნი ყველაზე კარგი განტვირთვაა. 

 - წიგნი პოზისთვის მიგაქვს?

  • არა, რა თქმა უნდა. წესით, ჩემს ასაკში ბევრი წიგნი წაკითხული უნდა იყოს. იქ მტკიცებას ვერ დაიწყებ, რომ განათლებულად მოაჩვენო თავი. 37 წლის ასაკში რომ ვამტკიცო, განათლებული ვარ-მეთქი, დაგვიანებულია.

 

ასევე ნახეთ - რა რეაქცია ჰქონდა აჩი არველაძეს მის მიმართ უცენზურო კომენტარზე