"დავინახე, რომ მას ლავირების უნარი აქვს. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი..." - "ღამის პრაიმთაიმის" რომელ თანაწამყვანზე საუბრობს ნიკოლოზ ხაჩიძე

PRIMETIME

ჟურნალისტ ნიკოლოზ ხაჩიძისთვის თოქშოუ "ღამის პრაიმ თაიმის" წაყვანა რთული აღმოჩნდა. თანაწამყვანებს შორის ჰარმონიის დაჭერა და მათთან ერთად თანაბარ პოზიციაში დარჩენა, არც თუ იოლი ყოფილა. ნიკასთვის ამ ექვსეულში ყველაზე დიდი მოულოდნელობა ზურა ხაჩიძეა და მიაჩნია, რომ ზურა წამყვანისთვის აუცილებელ თვისებას, ლავირების უნარს საუკეთესოდ ფლობს. 

ხაჩიძეს "რუსთავი 2"-ზე მეორე გადაცემაც მიჰყავს - "სხვა კითხვები". იქ უკვე "ბრძოლის ველზე" მარტოა, სტუმრის პირისპირ.

ნიკოლოზ ხაჩიძე: - თოქშოუს კი არა, დიდად წამყვანობის გამოცდილებაც არ მაქვს. ექვს თანაწამყვანთან ჰარმონიაში შესვლა, რთულია. თუმცა არა დაუძლეველი და ჩვენ ამას ვსწავლობთ.

- ამ ექვსეულში მხოლოდ შენ ხარ პროფესიით ჟურნალისტი. ხომ არ ცდილობ, რომ პროფესიული ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო?

- ზღვარს ვიცავ. არ მინდა ზედმეტობა გამომივიდეს. მე ამ ექვსეულში ვარ მათი თანაბარი და თავს ხაზგასმულად ჟურნალისტად არ წარმოვაჩენ. ვცდილობ, არც ერთ თანაწამყვანს არ ჩავეჭრა. თუმცა თუ მაქვს საშუალება, შეკითხვის დასმას არ ვერიდები. მიმაჩნია, რომ გადაცემაში, სადაც ექვსი წამყვანია, ყველა ერთ დონეზე აქტიური უნდა იყოს. ეს მეტნაკლებად გამოგვდის.

- ამ სამ კვირაში რომელმა თანაწმაყვანმა გაგაოცა თავისი განვითარებით?

- ზურა ხაჩიძემ. იმაზე, რომ ზურა შეიძლება ტელეწამყვანი ყოფილიყო, არ მიფიქრია. პრაქტიკაში დავინახე, რომ მას აქვს ლავირების უნარი. ანას ჰქონდა შოუ და მისი წამყვანობა არ გამკვირვებია. ნინოც, ავთანდილიც და ბაჩოც ნაპოვნ ნიშაში კომფორტულად არიან.

ყველა ჩვენგანი ვიზრდებით. ბოლომდე არც ერთს არ გვაქვს ის ნიშა ნაპოვნი, რაშიც უნდა ვიყოთ. ჯერ ჩვენ თავშივე აღმოჩენებში ვართ. როლები და მიმართულებები არ გვაქვს. ყველა ვცდილობთ ვიყოთ წამყვანები.

- გადაცემის მიმართ აგორებულ ნეგატივს როგორ პასუხობ?

- წლების წინ, გადაცემა "თინეიჯერი" რომ მიმყავდა, აი, მაშინ მომწონდა პოპულარობაც და ქუჩაში გაღიმებაც. მაშინ სოციალური ქსელი არ იყო. დღეს კი, პოპულარობა დიდად არ მხიბლავს. მე არ ვარ ის ტიპი, რომელსაც არაჯანსაღ კრიტიკაზე და ლანძღვაზე მარტივად რეაგირება შეუძლია.

როცა გადაწყდა, რომ წამყვანი უნდა ვყოფილიყავი, ერთი რაღაც შევიმუშავე, ნეგატიურ კომენტარებს არ ვკითხულობ. იგივე ვურჩიე ყველა ახლობელს, ნუ წაიკითხავენ და თუ მაინც წაიკითხავენ, მერე მე ნუ ჩამიგდებენ "სქრინებს". არ მსიამოვნებს და დროსაც ფუჭად მაკარგინებს. 

- ნიკა, "სხვა კითხვები" ის გადაცემა გამოვიდა, რაც გინდოდა?

- კი, ის გადაცემაა და რეზონანსიც მომწონს. ის ადამიანები, რომელთაც სატელევიზიო სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ, თავის აზრს მეუბნებიან და მეც სიამოვნებით ვუსმენ. "სხვა კითხვები" ძირითადად, მოსწონთ.

მე მომწონს ის, რომ "სხვა კითხვებში" ჩემმა სტუმრებმა ისეთი თემებიც გააჟღერეს, რაც აქამდე მოყოლილი არ ჰქონდათ. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. სტუმართაგან ვერც ერთს ვერ გამოვყოფ. 

- შენ ცნობილ ადამიანებთან წლების ურთიერთობები გაკავშირებს. თუმცა არიან ისეთები, ვინც პირველად მოვიდა "სხვა კითხვებში" სტუმრად. ისინი რითი "შეაბი"?

- ამდენი წელია ამ სფეროში ვარ და მე და ჩემს გუნდს, კარგის მეტი, არავისთვის არაფერი გაგვიკეთებია. ყველამ იციას, როგორ ვმუშაობთ, რამხელა გამოცდილება გვაქვს და როგორი გუნდი ვართ. გადამწყვეტი სახელი და ურთიერთობებია. მხოლოდ სახელი და გვარი კი არ იყიდება, იყიდება კარგად შეფუთული სახელი და გვარი. ერთი და იგივე სტუმარი შეიძლება ერთგან ძალიან საინტერესოდ შეფუთული წარდგეს, მეორეში კი მისი ყურების სურვილი არც გაგიჩნდეს.