პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

patriarqi

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ΙΙ სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

,,მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, პაფოს მიტროპოლიტ გიორგის, ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსის ტახტის მოსაყდრეს, კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით კვიპროსის ეკლესიის სისავსეს ვუსამძიმრებთ მისი უნეტარესობის, ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II-ის გარდაცვალებას, რაც დიდი დანაკლისია მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის; მან დიდი და რთული გზა განვლო და წლების მანძილზე გაწეული შრომისათვის ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა; ამიტომაც არ დაივიწყებენ მას.

ქართველი ერიც ვერ დაივიწყებს მის სიკეთეს კვიპროსში XII ს-ის ქართული სავანის, ღალიის მონასტრის, აღდგენასთან დაკავშირებულს და ასევე სხვა სამონასტრო კომპლექსის ასაშენებლად უსასყიდლოდ ტერიტორიის გამოყოფის ფაქტს. ვერ დაივიწყებს იმ მამობრივ მზრუნველობასაც, რაც კარგა ხანია ხორციელდება კვიპროსში მცხოვრები საქართველოს ეკლესიის სულიერი შვილების მიმართ.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უნეტარესობის, ქრიზოსტომოს II - ის უკვდავი სულისთვის, რათა უფალმა სავანე მართალთა დაუმკვიდროს მას, ხოლო კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავრებს, სხვა სასულიერო პირებსა და საერთოდ კვიპროსის მოსახლეობას მიმადლოს მშვიდობა", - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის ტექსტში.