პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

დონაცია

პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა.

უანგარო დონაცია პარლამენტში ტრადიციად ჩამოყალიბდა. ამ დღეს პარლამენტის წევრები და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები უანგაროდ აბარებენ სისხლს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

„საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ტრადიციულად, ყოველ 6 თვეში ერთხელ, პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის დღეს ვატარებთ. როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქის, ისე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის ვალდებულებაა უანგარო დონაცია, რათა იმ ადამიანებს დავეხმაროთ, რომლებსაც ჩვენი სისხლი და მისი კომპონენტები სჭირდებათ. სისხლის მარაგი ყველა სახელმწიფოსთვის აუცილებელია. სისხლის დონაციის მხრივ ქვეყანაში გამოწვევები არსებობს. დღეს გამართული აქცია პარლამენტის მიერ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღებას დაემთხვა მიმდინარე სასესიო კვირაში. უანგარო დონაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი აუცილებელი და სავალდებულო პროცედურაა. მინდა ვთხოვო და მოვუწოდო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს, აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა სისხლის უანგარო დონაციაში“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

დონაციის აქცია საკანონმდებლო ორგანოში ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა ჩაატარა.