პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროქტები 78 ხმით 1 წინააღმდეგ პარლამენტმა მესამე საბოლოო მოსმენით მიიღო.
კენჭისყრის პროცედურამდე პარლამენტს მესამე მოსმენით განსახილველად კანონპროექტები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ წარუდგინა.
,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებით წიაღისეულის მოპოვებისთვის დადგენილი ზღვრები მკაცრდება. კერძოდ, სავალდებულო წესით გზშ-ს დაექვემდებარება წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია, ნაცვლად მოქმედი - 25 ჰექტრისა. ხოლო სკრინინგის პროცედურას დაექვემდებარება მყარი სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 5 ჰექტარზე მეტია, ნაცვლად მოქმედი - 10 ჰექტრისა.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი არასამთვრობო სექტორისა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2020 წელს განხორციელებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცედურის შედეგად შემუშავებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიშით“ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს. ცვლილებების პროცედურული ნაწილი გამოქვეყნებისთანავე, ხოლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული ცვლილება ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
რაც შეეხება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ კანონპროექტს, მისი მიზანია, საქართველოს მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირება, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს მასშტაბით შემდეგი სამართალდარღვევები დგინდება:
- ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა), რაც მტვერჩახშობას ვერ უზრუნველყოფს;
- მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსებისთვის (ფენილი, ბადე, საფარი), რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს;
- ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდ გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისთვის, რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს.
მოცემული სამართალდარღვევები ითვალისწინებს სანქციებს ჯარიმის სახით, რომელიც თითოეული დარღვევისთვის მერყეობს ფიზიკური პირისთვის 200-დან 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის 500-დან 2000 ლარამდე. აგრეთვე, სანქციის ნაწილში გათვალისწინებულია სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის შემთხვევაშიც სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმის გაზრდილი ოდენობა.