ნინო ლაცაბიძე - ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება გარემოსდაცვითი მიმართულება

ნინო ლაცაბიძე

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულების მიზნით, რუსთავში მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგის ფარგლებში, სს „რუსთავის აზოტი“ შემოწმდა.  მსხვილი საწარმოების ერთობლივი მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ვეფხვაძემ, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა „რუსთავის აზოტში“ არსებული სიტუაცია ადგილზე შეისწავლეს.
 
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობის მიერ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას, ასევე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს დასაქმებულებისთვის შრომითი პირობების გაუმჯობესების თაობაზე.

„ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება გარემოსდაცვითი მიმართულება. ჩვენ ისევ აქტიურად ვართ ჩართულები, დავდივართ საწარმოებში, ვხვდებით ხელმძღვანელობას და ადგილზე ვეცნობით თუ რა სიახლეებია, რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ეს გამოწვევა. მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში შესამოწმებელი დაგვრჩა ერთი საწარმო და უახლოეს მომავალში გვექნება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც სამომავლო გეგმებზე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

2020 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პაკეტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა 2021 წლის გაზაფხულზე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად დაამტკიცა.

„ეს საწარმო, ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან რამდენიმეჯერ შემოწმდა, იდენტიფიცირდა ყველა გარემოსდაცვითი პრობლემა და ცხადია გამოსასწორებლად განესაზღვრათ გონივრული ვადები. თვითმონიტორინგის სისტემა „რუსთავის აზოტს“ აპრილის ბოლოს ექნება, საამქროებში ფუნქციონირებს ფილტრაციის სისტემა, ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვა გარემოსდაცვითი ვალდებულებების ნაწილში, იქნება ეს ნარჩენების მართვა, წყლის დაბინძურებისგან დაცვა და ზოგადად საწარმოს ტერიტორიის მოწესრიგება. რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტრო ყურადღებით დააკვირდება კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების პროცესს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ის განცხადებით, აზოტის მსგავსად მონიტორინგი განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით სხვა მოქმედ მსხვილ საწარმოებშიც. მონიტორინგი „რუსთავის აზოტი“ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს შესაბამისი ტექნიკის და ფილტრაციის სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით და ეს იქნება ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს. ჩვენ პერმანენტულად მივადევნებთ თვალს ამ პროცესს და ვფიქრობ, რომ წლის ბოლოსთვის ხელშესახები შედეგები გვექნება რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მსხვილ საწარმოებს ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის თვითმონიტორინგის, ასევე ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, საწარმოს აირმტვერდამჭერი მოწყობილობებით აღჭურვის უზრუნველყოფის ვალდებულებები დაეკისრათ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ მნიშვნელოვანი, გაზრდილი სანქციები დაეკისრებათ და უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.