პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მესამე დაჯილდოება გაიმართა

სარეკლამო

3 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მესამე დაჯილდოება გაიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2017 წელს დააფუძნა სამეცნიერო პრემია „თამარი“, რომელიც უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებს კონკურსის წესით სამეცნიერო აქტივობების საფუძველზე ორ წელიწადში ერთხელ ენიჭება.

სამეცნიერო პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის - თამარის პატივსაცემად ეწოდა. აღნიშნული ინიციატივა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა. თამარ მეფის სახელობის სამეცნიერო პრემია უკვე წლებია, რაც სტიმულის მიმცემია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთათვის. აღნიშნული პრემია ხელს უწყობს ახალგაზრდა მეცნიერებს კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების განსახორციელებლად.

სამეცნიერო პრემია „თამარი“ კონკურსის წესით გაიცა: I პრემიის მფლობელი  მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო მიმართულებით, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, მოწვეული პროფესორი დავით მაღრაძე გახდა, II პრემია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, CIU -ს ასოცირებულ პროფესორს სოფიო კასრაძეს ერგო, III პრემია კი საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს - ვახტანგ მაისაიას გადაეცა, ასევე, პრემია ახალგაზრდა მეცნიერისთვის გადაეცა სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს თამთა წირქვაძეს, ხოლო, სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ბექა ქანთარიამ მოიპოვეს.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო (სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ორივე კონკურსანტს 3000/3000 ლარი გადაეცათ, I პრემია - 3000 ლარი, II პრემია - 2000 ლარი, III პრემია - 1500 ლარი და IV პრემია - ახალგაზრდა მეცნიერისთვის 1000 ლარი) და კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული მოოქროვილი მედლები გადაეცათ.

„რა შეიძლება იყოს ადამიანისთვის იმაზე უფრო დიდი ბედნიერება, მისი სახელი სამუდამოდ დაუკავშირდეს თამარ მეფის პრემიას და თამარ მეფის სახელს.

თამარ მეფე ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ჩემი დარგის წარმომადგენლებისათვის ეს განსაკუთრებული მოვლენაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის პირველი ქართველი მეფე ქალი, ლიდერი, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა. ამავე დროს მის ეპოქასთან არის დაკავშირებული ისეთი კონსტიტუციური ელემენტებისა და ინსტიტუციების შემოტანა, რომელიც ზღუდავდა ერთ მმართველობას.

ეს პრემია არის ძალიან დიდი ტვირთი. ეს არ არის მარტო ჯილდო, ეს იმდენად დიდი ტვირთია, რომ მისი ზიდვა დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს“, - ამბობს მინდია უგრეხელიძე. 

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, როინ მეტრეველი, სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე და CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სესილი გოგიბერიძე. სამეცნიერო ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.