თეა წულუკიანი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის „მე, ფოიერბახი“ ჩვენებას დაესწრო

წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის „მე, ფოიერბახი“ ჩვენებას დაესწრო. „მე, ფოიერბახი“ თუმანიშვილის თეატრში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლის ფარგლებში დაიდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპექტაკლი არის ტანკრედ დორსტის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით რეჟისორ გიორგი ქლაინის სადიპლომო ნამუშევარი. პიესა მოგვითხრობს თეატრის მსახიობების შესახებ, რომლებიც გარდაისახებიან და თეატრის სცენიდან მაყურებელს სხვადასხვა პერსონაჟს წარუდგენენ, რომელთაც სხვადასხვა ისტორია აქვთ, მაგრამ ამ პერსონაჟების მიღმა არიან ნამდვილი ადამიანები თავისი ცხოვრებითა და ყოველდღიურობით.

„პიესაში წარმოჩენილია ის, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც თეატრში მაყურებელი არ არის, მსახიობების ყოველდღიურობა და ის სირთულეები, რომელთა გადალახვაც უწევთ საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე. სპექტაკლის „მე, ფოიერბახი“ მხატვარი გახლავთკატო გელაშვილი, ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე, ხოლო მსახიობები: ზაალ გოგუაძე, ლაშა კონცელიძე და მარინა ბურდული.

ტანკრედ დორსტი გახლდათ ცნობილი გერმანელი დრამატურგი, რომელმაც თეატრში აქტიური მოღვაწეობა 60-იანი წლებიდან დაიწყო. დორსტი მიუნხენში ცხოვრობდა და მუშაობდა. მის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია ეჟენ იონესკოს, ჟან ჟიროდუსა და სემიუელ ბეკეტის პიესებმა. ცნობილ დრამატურგს 1990 წელს გეორგ ბიუხნერის პრემია მიენიჭა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.