იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება - ნახეთ, დეტალები
1732698224
აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას საფლავი გაძარცვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, დარეჯან ბურჭულაძე წერს.
„ამას სახელი არა აქვს! ბიუსტი მოიპარეს! ამწუთას აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას დედა შემხვდა, აკანკალებული, ამას თუ აკადრებდნენ, არ მეგონაო. როგორც დედა, იმასაც ამბობს, ვიღაცა გაჭირვებულია, ალბათ. ნორმალური ვინ იზამდა, ციხეში რისი გულისთვის მიდისო? რომ გამოჩნდეს, ვაპატიებო და ვეპატრონები კიდე, არ დავაჭერინებ, მეცოდება, ფულიზა ქნა აიო. გმირის დედაა!,“ - წერს დარეჯან ბურჭულაძე. (სტილი დაცულია).
რამდენიმე ხნის წინ, „პრაიმტაიმი“ ვაჟა თოდუას შესახებ გიყვებოდათ.
„ლანჩხუთი plus-ის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე აფხაზეთის ომში ნაწამებ ახალგაზრდებზე წერს:
„გამოგიტყდებით, ასე ძალიან არცერთი საგაზეთო წერილის დაწერა არ გამჭირვებია. ის საშინელი განცდა, რომელიც თავს დამატყდა ამ 26 წლის წინ აგარაკში, თოდუების ოჯახში სამძიმარზე ასულს, დღემდე გაუნელებელია ჩემს სულში. ყველამ გაიგო როგორ აწამეს ჩვენი კუთხის შვილი, ზოგმა გარისკა და მოინდომა საკუთარი თვალით ეხილა ვაჟას დასახიჩრებული სხეული… ალბათ დღემდე ცოცხლად ახსოვთ ის საშინელი შთაბეჭდილება, იმ დღეს რომ მიიღეს და არც არასდროს დაავიწყდებათ. ეს არის ადამიანური სისასტიკის მწვერვალი, რასაც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ამ ცოტა ხნის წინ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების დედები ცდილობდნენ მიექციათ საზოგადოების და ხელისუფლების ყურადღება და საკუთარ ხელში აეღოთ ქართველებისა და აფხაზების შერიგების პროცესის დაწყება და დასრულება.
ამის თაობაზე ზუსტად 15 წლის წინ პირველად ვაჟას დედამ, ქალბატონმა ეთერმა დაიწყო საუბარი, მაგრამ მხარდამჭერები არ გამოუჩნდნენ და ეს ფაქტიც მივიწყებას მიეცა, როგორც უამრავი რამ ჩვენს აწეწილ დაწეწილ და სიმშვიდემონატრებულ საქართველოში.
იოლი არ არის საუბარი შერიგებაზე, როცა იცი, როგორ აწამეს ჩვენი ბიჭები, იოლი არ არის შერიგება იმ ხალხთან, ვინც ჩვენ ეს სიმწარე განგვაცდევინა, მაგრამ მე მივყვები უფლის შეგონებას — მიუტევე. თან გაგახსენებთ რის მიტევებას ვცდილობთ. გთავაზობთ 1994 წლის 6 ივნისს ლანჩხუთის რაიონის კომისრის, ბატონ იური თევზაძისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კაპიტნის, ბატონ დ. მეშარიშვილის მიერ გამოგზავნილ წერილს სრულიად უცველად.
„გაცნობებთ, რომ თქვენი რაიონის მკვიდრი, ზემდეგი თოდუა ვაჟა თამაზის ძე, დაბადებული 1977 წლის 14 მარტს, მოხალისედ წავიდა აფხაზეთის ომში 1993 წლის 17 მარტიდან. იგი ირიცხებოდა 210-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში დაზვერვის ოცმეთაურად.
ვაჟა თამაზის ძე თოდუა სწავლობდა თბილისის არქიტექტურისა და მშენებლობის კომერციულ უნივერსიტეტში, იყო მე-2 კურსის სტუდენტი.
სამხედრო სამსახურის დროს გამოირჩეოდა თავაზიანობით, კეთილსინდისიერებით, საქმისადმი სერიოზული და ერთგული მიდგომით, თანამებრძოლებსა და უფროსებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
1993 წლის 20 ივნისს იგი თავის თანამებრძოლ გია ტრაპაიძესთან ერთად დაიღუპა მტრის ხელით სოფელ მერკულაში.
საბრძოლო დავალების შესრულების დროს ზემდეგი ვაჟა თამაზის ძე თოდუა და რიგითი თანამებრძოლი გია ტრაპაიძე ხელში ჩაუვარდა მტერს.
ვაჟამ შეძახილებით, „დასცხეთ, ბიჭებო!“, „წინ, წინ!“ — თანამებრძოლებს აცნობა მტრის მოახლოება. მტერს იმ დღისთვის დაგეგმილი ჰქონდა უეცარი თავდასხმა ბატალიონზე, ფაქტობრივად ვაჟა თოდუამ თავისი საქციელით გმირობის ტოლფასი ქმედება ჩაიდინა და სრული განადგურებისა და სიკვდილისაგან იხსნა თანამებრძოლები.
ჩვენმა მებრძოლებმა მტერზე საპასუხო შეტევის შემდეგ იპოვეს ვაჟას ჯერ კიდევ თბილი გვამი, რომელიც ფეხებზე თოკმობმული ეგდო, როგორც ჩანს მტრებმა ვერ მოასწრეს მისი წაღება.
ახლა გაცნობებთ დეტალურად ვაჟა თოდუასა და გია ტრაპაიძის გმირობისა და წამების ფაქტებს, თვით მისი მკვლელების ენით გადმოცემულს.
1993 წლის ივნისის თვეში მტერთან გამართული მოლაპარაკების შედეგად ბრიგადის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი დიმიტრი მეფარიშვილი გვამების გადაცვლის პროცესში შეხვდა მტრის ბატალიონის მეთაურს ვოვა თარბას. აქვე ნახა მან მტრის დაქირავებული ნოვოსიბირსკელი და კრასნოდარელი მებრძოლები, რომლებმაც არაადამიანურად აწამეს და მოკლეს ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე.
მათ დაწვრილებით უამბეს დიმიტრი მეფარიშვილს ჩვენი ბიჭების გმირობისა და წამების ამბავი, აჩვენეს ის ადგილიც, სადაც ეს შემზარავი „ოპერაცია“ ჩაატარეს.
მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს. ვაჟას თავისივე დანით ააცალეს ყურები, გამოჭრეს ყელი, ამოუღეს ენა და დაცხრილეს ტყვიებით, მაგრამ იგი არ დანებდა მტერს, მუხლი არ მოიდრიკა ურჯულოთა წინაშე. ყოველივე ზემოთ თქმულს თვალს ადევნებდა მისი თანამებრძოლო გია ტრაპაიძე, რომელსაც ვაჟას ენით გამოუთქმელმა ამტანობამ და ვაჟკაცობამ სანიმუშო მაგალითი მისცა მტრებთან უიარაღოდ გამკლავებისა, ხოლო რაც შეეხება გია ტრაპაიძეს მისი გვამის ნაშთები მოლაპარაკების შემდეგ გადმოასვენეს.
ვაჟა თოდუას წამების შედეგები ასახულია ვიდეოფირზე „ტყვიების წვიმა სიცოცხლის ფასად“, იგივე კადრები ასახულია უცხოელ ოპერატორთა მიერ.
სიკვდილის შემდეგ ზემდეგი ვაჟა თოდუა და რიგითი გია ტრაპაიძე წარდგენილნი არიან სახელმწიფო ჯილდოზე.
სამხედრო ნაწილ 10144-ის ხელმძღვანელობა მოგმართავთ თხოვნით, შესაბამისი დახმარება გაუწიოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის თავგანწირულ ვაჟკაცთა ოჯახებს. სამხედრო ნაწილ 10144-ის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი დ. მეშარიშვილი 6.06.1994 წელი“
მე თავს უფლებას მივცემ მხოლოდ, რომ გაცნობოთ, ვაჟა თოდუას დედას, ქალბატონ ეთერს უკანასკნელ დრომდე სამთვეობით უწევს მეზობელ სახელმწიფოში, თურქეთში სამუშაოდ გადასვლა, რომ ოჯახს ლუკმა პურის ფულით წაეშველოს.
თავს უფლებას ვაძლევ გითხრათ, რომ მიჭირს იმ ხალხის გაგება, ვინც ოკუპანტთან შერიგება-მორიგება-გარიგებაზე ლაპარაკობს, მიჭირს მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ რუს ხალხს და მის იმ ნაწილს, ვისაც თავისი ცხოვრების მთავარ მამოძრავებელ მიზნად სიკეთე, ადამიანთა სიყვარული, მიტევება და მოყვარისათვის ზრუნვა მიაჩნია, აღარაფერს ვამბობ რუსულ ლიტერატურაზე, მუსიკაზე, ხელოვნებაზე, რუს მეცნიერებზე, მაგრამ ვინ გაგვიცოცხლებს ჩვენს ნატანჯ ბიჭებს, სამშობლოსათვის თავგანწირულებს, ბოროტების მსახურთა ხელით მზედაბნელებულებს“, – წერს ქეთევან ნაკაშიძე.