„ომიკრონის" პიკი გადალახულია, რამდენად დაიკლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 

koronavirusi

„ომიკრონმა" პიკს უკვე მიღწია და უკან დახევა დაიწყო. გასულ კვირასთან შედარებით გამოვლენილი სტატისტიკური მონაცემები 10 000-ით ნაკლებია. შემცირებულია ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც ინფექციის გავრცელების მასშტაბებზე მიუთითებს.

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე სტაბილური მდგომარეობა აჭარის რეგიონშია. სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირებულთა მკვეთრი მატება აღარ იქნება, თუმცა ლაბორატორიული შემთხვევების კლება ნელი ტემპით დაიწყება.

პაციენტების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს კლინიკებში რჩება „დელტა" შტამის შედეგებს ებრძვის. კოვიდ კლინიკებში, ძირითადად, დატვირთული თერაპიული განყოფილებებია. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ინფიცირებულთა მართვა საჭიროების და პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდება.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, რომ ქვეყანა ახალ ანტივირუსულ წამალს ელოდება, რომელიც „ფაიზერის" მიერ არის წარმოებული. პრეპარატი ინოვაციურია და 90%-ით იცავს კოვიდის გართულებისგან. კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მოწოდების ვადები მალე გაირკვევა. ვიდრე ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ექნება, ექიმები საზოგადოებას ჯანმრთელობის დაზღვევას ვაქცინით ურჩევენ.

ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებისთანავე, 5 მარტიდან ღამის კლუბების ფუნქციონირება აღდგება. გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო​ საბჭომ მიიღო, თუმცა ძალაში რჩება გარკვეული შეზღუდვა - კლუბში სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის 60% დაიშვება.