სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - 35 წლის კაცი ბათუმში დააკავეს

bvraldebuli

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, ცოლ- ქმრის მკვლელობისათვის ბრალდებული 35 წლის მამაკაცი ბათუმში დააკავეს.

ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩაატარეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული, მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ- ერთ ფერმაში, მასთან ერთად დასაქმებულ ცოლ- ქმარს, ფულს სთხოვდა.

უარის მიღების შემდეგ, მან სანადირო თოფიდან გასროლით, ცოლ- ქმარი მოკლა, მათი არასრულწლოვანი ქალიშვილი კი, თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მამაკაცს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს, ხოლო პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ, მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით გრძელდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს, 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.