ოჯახის წევრები და ახლობლები პოლონეთში სამუშაოდ წასულ ახალგაზრდას ეძებენ

ბიჭი

ოჯახის წევრები და ახლობლები პოლონეთში სამუშაოდ წასულ ახალგაზრდას ეძებენ.

მესამე დღეა, პოლონეთის ქალაქ შჩენიცში სამუშაოდ წასულ 21 წლის მიშო ხარაშვილს ახლობლები ვეღარ უკავშირდებიან.

ხარაშვილის მამის ინფორმაციით, ბოლოს შვილს 12 იანვარს ესაუბრა, მეორე დღეს კი შეატყობინეს, რომ ახალგაზრდა სახლში არ დაბრუნდა.

„პოლონეთში 6 თვის წინ, სამუშაოდ წავიდა. ხუთშაბათს მოსაკითხად ორჯერ დავურეკე და ველაპარაკე, მეორე დღეს მასთან ერთად ნაქირავებ ბინაში მცხოვრებმა ბიჭებმა შემატყობინეს, რომ მიშო სახლში არ დაბრუნებულა. ოთხნი ცხოვრობდნენ ერთად. ერთ-ერთი ჩვენი ნათესავია, რომელიც პოლონეთში ოთხშაბათს, 11 იანვარს ჩავიდა. მიშოს თხოვნით, აქედან საკვებიც კი გავატანეთ. ეს ბიჭები მეუბნებიან, რომ მიშო დილით სახლში არ დახვდათ, სად წავიდა არ იციან. მობილური ტელეფონი ბინაში აქვს დატოვებული. ყველა ერთად ხის საამქროში მუშაობდა, ხის მორებს ამუშავებდნენ. დედაც იტალიაშია, ემიგრაციაში, “ - ამბობს მამა.

პილონეთში მყოფმა ქართველებმა ახალგაზრდა კაცის გაუჩინარების შესახებ, ადგილობრივ პოლიციას უკვე მიმართეს.

მიშო ხარაშვილის ბოლო აქტივობა სოციალურ ქსელში 13 იანვარს, ადგილობრივი დროით 05:05 საათზე ფიქსირდება.

„ბოდიში თუ რამე დამიშავებია თქვენთვის ოდესმე"- წერს ახალგაზრდა.

ასევე 13 იანვარს 04:54 წუთზეა დაწერილი პოსტი: "ყველა მიყვარხართ გულში".