1741952391
„ოდესმე აუცილებლად შევხვდები...“ - გულახდილი ინტერვიუ დათო კენჭიაშვილთან, რომლის სიმღერებს 500 მილიონი ნახვა აქვს

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მუსიკისკენ ჩემი პირველი ნაბიჯები დაბადებიდან გადაიდგა. მთელ ჩემ ოჯახს, ბებიის გარდა, აბსოლუტური სმენა ჰქონდა, მაგრამ, ჩემი პროფესიონალურ დონეზე, ხელოვნების სამყაროში ფეხის შედგმა, ვფიქრობ, 2008 წლიდან დაიწყო... - ამბობს „პრაიმტაიმთან“ დათო კენჭიაშვილი, რომელიც, თავისი შემოქმედებით მართლაც გამორჩეულია. მისი ხმის განსაკუთრებული ტემბრი და ემოციური შესრულება ბევრი ადამიანის სულს ეხება და გულამდე აღწევს.
გარდა სამშობლოსი, დათო კენჭიაშვილმა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოიპოვა აღიარება. სწორედ ამაზე მეტყველებს სოციალურ პლატფორმებზე 500 000 000-ზე მეტი მოსმენა. ამჟამად, ყველაზე დიდი პოპულარობით „იორო“ სარგებლობს, რომელსაც 43 მილიონი ნახვა აქვს.
„ამა თუ იმ ანსამბლში ვმღეროდი. ყველა ანსამბლიდან რაღაც თავისი დამახასიათებელი დიალექტი, კილო, ვიბრაციები ავიღე და ალბათ, 2008-ში დაიწყო ამ ყველაფრის რეალიზება. ჩემი პირველი სიმღერა ქალბატონ ლელა თათარაიძის „შენმა სურვილმა დამლია“ იყო, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა, დიდ პოპულარობას, ბუნებრივია, დიდი დაბრკოლებები ხვდება ყოველთვის, თუმცაღა, ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად მივუდექი.
ბევრი დაბრკოლება იყო, იყო ბულინგიც. ზოგს მოსწონდა, ზოგს - არა. როდესაც ადამიანი გაორების წინაშე დგები, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ალბათ, სწორედ მაგ დროს იღებ ლოგიკურ გადაწყვეტილებას. მეც, ბუნებრივია, ვამჯობინე, რომ უნდა წავსულიყავი წინ... არც ერთ შემთხვევაში, ეს პროცესი არ უნდა შემეჩერებინა... იმიტომ, რომ სამზეოს მიმართ მთელი ჩემი ცხოვრება, შეგრძნებები, მთელი ჩემი დამოკიდებულება არის ხელოვნება და მე ამას ჩემში ვერ ჩავკლავდი. ვერავის მივცემდი უფლებას, ჩემთვის რაიმე სახის დაბრკოლება შეექმნათ. ვამაყობ იმით, რომ ეს ყველა ბარიერი, გაჭირვებით თუ სიმწრის ფასად, გადავლახე და ვფიქრობ, მომავალში გაცილებით მეტს გავაკეთებ და გაცილებით მეტი რესურსი მექნება. ამ გზამ მომცა ის გამოცდილება, რომელსაც ახლა ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ“.
- ვინ იყო ამ დროს თქვენს გვერდით?
ყველა და-ძმა ამბობს, რომ მათ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. მეც ასე ვიტყვი - განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს ჩემს დასთან. მიუხედავად იმისა, რომ ის დაოჯახებულია, ბავშვებთან არის, არც ერთი დღე არ მახსოვს ისეთი, რომ კომუნიკაცია არ გვქონდეს. ამიტომ, ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო და არის თათია.
რა თქმა უნდა, დედაც. დედის გარეშე მე ხელოვნების სფეროში ფეხს ვერ შევადგამდი, რადგან მისი მხარდაჭერით, დახმარებით პირველი ნაბიჯები მან გადამადგმევინა. გენეტიკური კი არის, მე აბსოლუტური სმენა და მუსიკის სრული შეგრძნება მაქვს, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე, როდესაც ბავშვს სჭირდება გვერდით დგომა ყველაზე მეტად, ზუსტად მაგ დროს იყო დედა.
„არ ვარგა“, „ცუდია“, „გოიმურია“ - ეს მე და თათიამ ერთად გამოვიარეთ. ძალიან ვწუხვარ, ცოტა მოგვიანებით მივხვდი იმას, რომ ჩემი ნაკეთები და ნაშრომი არასდროს ყოფილა დასაკნინებელი და არასდროს ყოფილა ცუდი, ეს ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა შეიყვარა. ჩვენი ქვეყანა კი შემსრულებლების მიმართ ძალიან კრიტიკულია. საინტერესო ბაზაც არის, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ასეთი კრიტიკული მსმენელი გყავს, ზუსტად მაგ დროს უნდა გაართვა თავი. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავარ. არადა, ახლა მე მათ რომ ვკითხო, მაილზ დეივისი ვინ არის, ან ეტა ჯეიმზი-თქო, პასუხს ვერ გამცემენ, აქედან გამომდინარე, მე იმას ვაკეთებ, რაც ჩემს ქვეყანას უყვარს, რაც მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს. კარგი მელომანი ვარ, როცა ამ ყველაფერს მივხვდი, გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს და გაცილებით მეტის კეთების საშუალება მეძლევა.
ყოველთვის აქტიურად ვეცდები, რომ ჩემი ქვეყნის სახელი მსოფლიოს მოვდო, როგორც მერაბ დვალიშვილმა, ილია თოფურიამ... არ არსებობს ჯარისკაცი, რომელსაც არ უნდა გენერალი გახდეს, ამიტომ მეც მინდა, რომ აუცილებლად დიდ სცენაზე დავდგე, მსოფლიო რანგის მუსიკოსებთან და მომღერლებთან ერთად. მე ამაზე ვმუშაობ.
- რომელია ის სიმღერა, რომელიც თქვენს ემოციურ მდგომარეობას ყოველთვის ყველაზე კარგად გადმოსცემს და გამოხატავს?
ალბათ, სანამ ამ სამზეოზე ვარსებობ, ამ სიმღერის მიმართ არასდროს შემეცვლება ჩემი აზრი - ეს სიმღერა არის თეო ქუმსიაშვილის „იორო“, რომელსაც ჩემთვის ძალიან სევდიანი ისტორია აქვს, თუმცაღა, თავიდან ყოველთვის მხოლოდ თეოს, მის ტრაგიკულად განვლილ ცხოვრებას მახსენებდა... 5 წლის წინ, როდესაც ჩემი დედიკო გარდაიცვალა, წინა დღეს, სანამ თავის სამყოფელში წავიყვანდით, ეს სიმღერა ვუმღერე და ისე გავაცილე... ამიტომ, ჩემთვის ყოველთვის ეს სიმღერა იქნება უმნიშვნელოვანესი, საკრალური, სიკეთის, ტკივილის, ბედნიერების, ყველა ემოციის მომტანი... ასე მგონია, ამ სიმღერაშია ასახული მთელი ჩემი არსებობა, მთელი ჩემი ნავალი გზა, დამოკიდებულება...
- არავის ისე არ ვუყვარვართ, როგორც ღმერთს და დედას - ეს თქვენი სიტყვებია. დედა იყო თქვენი მთავარი მოტივატორი, ყველაფერი. მისმა გარდაცვალებამ დიდი ტკივილი დაგიტოვათ... რას ეტყოდით დედას დღეს, ან რას გეტყოდათ თავად...
მგონია, რომ მიყურებს და იღიმის... იმხელა ენერგიას მაძლევს, იმხელა ენერგიას... ვფიქრობ, სულ თან დამყვება, სულ გვერდითაა. როცა ჩავისუნთქავ, ვგრძნობ, რომ ისიც ამას აკეთებს, ჩემნაირად... მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჩემს გვერდით არ არის, მე მას შინაგანად ძალიან ვგრძნობ... ზუსტად მის გამო არ გავჩერდი, ვიარე წინ და წინ, ყოველთვის ასე ვივლი, სადამდეც ამის რესურსი მაქვს.
დედას როდესაც ვიხსენებ, ვიხსენებ ღიმილით, იმიტომ, რომ შიგნით სიმძიმე არ მაქვს. ეს ჩემი სატარებელი ჯვარია და აუცილებლად მთელი ცხოვრება უნდა ვატარო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ სიმძიმით არა, ღიმილით უნდა ვუყურო. როცა მინდა დაველაპარაკები, როცა მინდა გავიცინებ, როცა მინდა გავეხუმრები, გამეხუმრება და ა.შ. მე ამ ყველაფერს ვგრძნობ და დედაჩემთან ერთად პროცესში ვარ. ოდესმე აუცილებლად შევხვდები...
ჩემი მეგობრები, სასულიერო პირებიც ყოველთვის ამას მეუბნებიან, რომ შენ ამაზე არ იდარდო. მეც არ ვდარდობ. ვიცი რომ სულ არის, თავგადასავლებს მიჩენს და მეღიმება ხოლმე. იშვიათად ვნახულობ სიზმარში...
- მნიშვნელოვანი კონცერტისთვის ემზადებით, დარწმუნებული ვარ, ძალიან ემოციური იქნება, რადგან ეს დღე დედის ხსოვნას ეძღვნება, ადამიანის, რომელთანაც უხილავ კავშირს დღემდე გრძნობთ... რას უნდა ელოდოს მაყურებელი?
პირველ რიგში, სიყვარულს და ემოციური ვიბრაციებით დატვირთულ საღამოს. ამ კონცერტის მიზეზი მხოლოდ დედაა. 3 მარტს გვინდოდა, თუმცა, დროებში ვერ დაემთხვა და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 7 მარტს გაიმართება. რაც საკუთარ დედას დავაკელი მოფერების, ყურადღების, ჩემი სიყვარულის სახით, მინდა, ყველა დედას გადავცე. მინდა, დედებს და მომავალ დედებს ერთ ლამაზი და დაუვიწყარი საღამო ვაჩუქო. ტრადიციად გვექცა და ალბათ, ყოველ წელს ასე გავაგრძელებთ.
- გიყვართ ექსპერიმენტები, გვიამბეთ სიახლეებზე და ასევე, რას მიიჩნევთ ამ ცვლილების მთავარ ინსპირაციად?
ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები. ინსპირაცია ისევ ჩემი ხელოვნებიდან, ჩემი ქართულიდან მოდის. ზოგადკავკასიური ვოკალიდან, ფოლკლორიდან. მე ვერ ვიტყვი, ვიყო კლასიკური ჟანრის მომღერალი, მე ვმღერი ფოლკლორს. ანსამბლ „მართვეში“ ავიდგი ფეხი და ქართული სიმღერა აქედან შემიყვარდა. ძალიან ხშირად ვუსმენ ბევრნაირ სიმღერას, ეს ცუდი იქნება, კარგი იქნება - არავითარი მნიშვნელობა აქვს, ამის შემდგომ გამომაქვს ჩემი ანალიზი.
შეიძლება, ცოტა გასაკვირი იყოს - დაახლოებით, 7 წლის წინ, ფოლკლორისა და როკის ჟანრის მუსიკა შევქმენით, რომელიც სოცქსელებში არის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფოლკლორის, ზოგადკავკასიური ჟანრისა და როკის სინთეზის კოლაბოტაცია გავაკეთე მე და ამას არ ვმალავ, მიხარია და გარკვეულწილად, ამაყიც ვარ.
ამის შემდეგ, ზუსტად მივხვდი, რომ არ არსებობს ჟანრი დედამიწის ზურგზე, რომელსაც ჩვენს ფოლკლორს ვერ მივუსადაგებთ, მე ამას აქტიურად ვეწევი. მაქვს რეჩიტატივისა და ფოლკლორის სინთეზი, კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის სინთეზი, მაქვს ფანკისა და ფოლკლორის სინთეზი და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სულ მალე, მსოფლიოში, იქნება ჟანრი ფოლკ-ჰოპი. ამ ჟანრს მე აუცილებლად შევასხამ ფრთებს.
ფოლკ-ჰოპი იმიტომ დავასახელე, რომ ასეთი არ არსებობს და აუცილებლად იარსებებს. ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი. არის იმის ალბათობა, რომ არ მოეწონოთ, მაგრამ, ამ სივრცეში, ჩემთვის ძალიან საინტერესოა აქტიური მოღვაწეობა. მომწონს, რადგან ხელოვნება არის შეუზღუდავი, არ აქვს საზღვრები, არ აქვს ენა. ის მხოლოდ და მხოლოდ არის შეგრძნებებზე აწყობილი. უკვე მზად არის ელექტრონული მუსიკისა და ფოლკლორის სინთეზი. ერთმა მუსიკამ კლუბ „ხიდში“ უკვე გაიჟღერა, რაც ჩემთვის კარგის ნიშანია, ეს ხელოვნების ერთ-ერთი კუთხის განვითარებაა.
დღევანდელი ახალგაზრდობა სხვადასხვა მუსიკას უსმენს, მაგრამ რატომაც არა, როდესაც ქართველებს ექნებათ თავისი მუსიკალური ჟანრი, ფოლკლორისა და ელექტრონულის სინთეზი. ძალიან ბევრი ჟანრი არსებობს კიდევ, რომელსაც უნდა შევეხო. არის აფრიკაში ერთ-ერთი ტომი, აქვთ თავიანთი ფოლკლორი, მათი და ჩვენი ფოლკლორის სინთეზი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ეს ჩემთვის ძალიან ადვილია. ვგეგმავ ასევე, კლასიკურისა და ქართული ფოლკლორის სინთეზს, უკვე მოლაპარაკება მიდის ერთ-ერთ ძალიან ცნობილ უცხოელ ადამიანთან, რომელიც საქართველოში სულ მალე ჩამოვა“.
ადრე თქვით, რომ სანამ ახალ სტუდიას გახსნიდით, ყველაფერი ის, რაც ახლა საზოგადოებას ძალიან უყვარს, სახლის სარდაფში იქმნებოდა - დღეს უკვე ახალ სტუდიაში გვმასპინძლობთ... ვისთვისაა თქვენი კარი ღია?
„როდესაც 2018 წელს, ჩემი პირველი კონცერტი გავმართე ფილარმონიაში, მანამდე, ჯგუფს არ გვქონდა სარეპეტიციო, მოგვიწია, 10-15 დღით ფართის იჯარით აღება. როდესაც მივხვდი, რომ ჩვენ ეს აუცილებლად გვჭირდებოდა, ამისთვის საჭირო იყო გარკვეული ტექნოლოგიური მხარდაჭერა, გადავწყვიტეთ, სარეპეტიციო ჩემი სახლის სარდაფში გაგვეკეთებინა, რომელიც 15-20 კვადრატულია. ზუსტად აქედან დაიწყო ჩემი ხელოვნური კარიერის მოდერნიზება. დავიწყეთ სარდაფიდან და დღეს, გვაქვს ახალი სტუდია, რომელიც მულტიფუნქციურია, მას შეუძლია ჩაწეროს ორკესტრი, ნებისმიერი ინსტრუმენტი, ამავე დროს, შეიძლება, მოვიდეს ნებისმიერი ადამიანი და ჩაწეროს სიმღერა. გარდა ამისა, შესაძლოა, კლიპის გადაღება და ამ კლიპის რეალიზება. ყველანაირი საშუალება არსებობს იმისა, რომ მოვიდეს ადამიანი აქ და სრულყოფილად მიიღოს ის მომსახურება, რაც რეალურად, ხელოვან ადამიანს სჭირდება.
- ასევე, ამ სტუდიაში ზრდით მომავალ თაობას - გვიამბეთ ანსამბლ „თაობაზე“
აქ არის სურათები: მარო თარხნიშვილი, გოგი ცაბაძე, ქვინსი ჯონსი, მაილზ დევისი, რეი ჩარლზი, ელა ფიცჯერალდი... ჩემმა მოსწავლეებმა არ იციან მხოლოდ ფოლკლორი, იციან, ვინ იყო გენიალური ჯაზმენი, როგორიც არის, მაგალითად, გიული ჩოხელი. რა თქმა უნდა, იციან, ვინ არიან თავიანთი ქვეყნის ვეშაპი მომღერლები. ამ გარემოში როცა იზრდება ადამიანი, არ მგონია, რომ მისი შინაგანი შეგრძნება, მისი ადამიანური, სულიერი მდგომარეობა არ გაკეთილშობილდეს და თავისი გზით არ წავიდეს. გამორიცხულია, რამე შეეშალოს და არასწორად გააკეთოს. როდესაც ამ სივრცეში იზრდები და ამ მტვერს სუნთქავ, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
- როგორი თაობა მოდის?
ძალიან ნიჭიერები არიან, ძალიან. თამამად შემიძლია თქმა, რომ ჩვენზე ბევრად ნიჭიერები არიან და ჩვენზე კარგად იგებენ ყველაფერს. წარმოიდგინეთ, ჩვენთან მარნეულიდან ვაკეში დადის მოსწავლე, რომელსაც საოცარი ხმა აქვს. გავგიჟდი, რომ ვუყურებდი... პირობითად, 200 ბავშვიდან, 4 რომ მუსიკოსი, ან მომღერალი გამოვიდეს, ჩვენი სამშობლოსთვის უდიდესი ნამატია. მე კიდევ ერთ-ერთი ჭანჭიკი ვარ, რომელიც ბავშვებს დინამიკას აძლევს.
თან, ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური, ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება. ზოგი მოწყენილია, ზოგი იცინის, ზოგი არ ჩერდება, პატარები ერთმანეთს თმას ქაჩავენ... 4-დან 16/17-წლამდე ბავშვებს ვიღებთ. მყავს პატარები, რომლებიც დიდი გოგო-ბიჭებივით მღერიან, ბედნიერი ვარ, ეს ჩემი და ჩემი სამშობლოს ერთგვარი წარმატებაა. მე იმის ამბიციაც მაქვს, რომ ჩემმა ბავშვებმაც გააკეთონ ახალი კოლაბორაციები, რატომაც არა?! ელექტონულთან იმუშაონ, ჯაზთან, როკთან, ფანკთან, ყველა ჟანრში, მე პირიქით გამიხარდება, ჩემთვის კიდევ უფრო დიდი გამარჯვება იქნება. მაგრამ.... ყოველთვის, მე მათ საფუძვლად ვუდებ, რომ ნომერ პირველია, თქვენი ქვეყნის ფოლკლორი, რაზეც ჩვენ გავიზარდეთ.
- პროექტების და კოლაბორაციების დროს რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა სხვა შემოქმედებთან თანამშრომლობთ?
პირველ რიგში, უნდა ემთხვეოდეს ჩემს ვიბრაციებს. ჩემი ვიბრაციები რბილია, ძალიან მონოტონურია, ძალიან მშვიდია. მას არ აქვს არანაირი აგრესია. როდესაც ვისმენ ამა თუ იმ მომღერლისა და შემსრულებლის ნამუშევარს, თუ არ შემეხო და არ დამაბნია, ვერ გავაკეთებ. პირობითად, სტინგს რომ არ ჰქონდეს ის ვიბრაციები, მე თუ ვერ ვიმღერე, ძალით ხომ არ გავაკეთებ ამ ყველაფერს?! ჯერ მისი შემოქმედება შინაგანად უნდა გაფორიაქებდეს.
სტინგის და რობერტ პლანტის შემოქმედებაც ძალიან მიყვარს. სტინგის ნამღერზეც გავაკეთე ფოლკლორის პატარა ჩანართი და რობერტ პლანტზეც, ზეპელინების მამამთავარზეც. სხვათა შორის, მას ფანდურიც ვაჩუქეთ. ეს ძალიან უჩვეულო ფანდური იყო.
- როგორი გრძნობაა, როცა სოციალურ პლატფორმებზე 500 000 000-ზე მეტი მოსმენა გაქვთ?
„ჯამურად, ჩემს სიმღერებს ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, ქართველი ნახევარი მილიარდი არ ვართ, სამწუხაროდ... თითქმის, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეს მისწვდა.
ჩვენს სიმღერებს ისმენს სრულიად კავკასია. მიწევს ბევრ ქვეყანაში ყოფნა: ირანი, ავსტრია, ჩეხეთი, გერმანია, საფრანგეთი, ამერიკა. არ მინდა რომელიმე გამომრჩეს. დაკვირვებული ვარ, რომ ჩემი სიმღერები, განსაკუთრებულად, აღმოსავლურ სამყაროს უყვარს... ასევე, გვისმენენ თურქეთში. მძღოლებს „იოროს“ უყვართ.
Youtube-ზე გადავავლე თვალი კომენტარებს, წერენ, რომ ენა არ ესმით, არ იციან, რაზეა სიმღერა, მაგრამ ისეთი მელოდია, ჰარმონია და ვიბრაციაა, წერენ, ღმერთამდე მიჰყავხარო... ისრაელში ერთხელ მითხრეს „ზამირ“, რაც ღმერთის კარზე მომღერალს ნიშნავს...(იცინის) კავკასიელები ამბობენ, ბავშვებს ვაძინებთ თქვენს სიმღერებზეო...