ნახეთ როგორ გამოიყურება ადგილი ზუგდიდში, რომელმაც ყველაზე ლამაზი ეზოს ნომინაციაში გაიმარჯვა - ულამაზესი ფოტოები

ზუგდიდი

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ყოველწლიურ კონკურსში ზუგდიდმა ყველაზე ლამაზი მუნიციპალიტეტის წოდება კიდევ ერთხელ მოიპოვა, ხოლო ყველაზე ლამაზი ეზოს ნომინაციაში გამარჯვებული 60 წლის ბესიკ პერტია გახდა.

თვითნასწავლი დეკორატორი და ხის ოსტატი 60 წლის ბესიკ პერტია ზუგდიდიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, სოფელ ცაიშში ცხოვრობს.

სახლი-აგარაკი ასე ეძახის მამისეულ სახლს მისი ქალიშვილი, ზუგდიდში ოჯახთან მცხოვრები ლანა პერტია.

„მამა თვითნასწავლი ხელოვანია, მუშაობს როგორც ხეზე, ასევე მცენარეებზე. ყველა მცენარე თავისი ხელით აქვს გამოყვანილი და გაზრდილი. თვითონაც უყვარს მცენარეებთან ურთიერთობა და ჩვენც მე და ჩემს ძმას შეგვაყვარა...ასე ვთქვათ ოჯახური ტრადიცია გრძელდება. ვეტყვი თქვენს მკითხველებს, რომ ეს ჩვენი დიდი ბებიების დამსახურებაა და ჩვენც არ დავკარგეთ ეს ტრადიცია.

უზოში ოდიდგანვე იყო ისეთი მცენარეები და ხეები, რომელსაც იშვიათად შეხვდებოდით სადმე. შემორჩენილია ეზოში საუკუნოვანი სამეფო კამელია, რომელიც მარტო ჩვენ გვაქვს",- გვეუბნება ლანა, დეკორატორის შვილი.

თავად მებაღე ბესიკ პერტია სახლში არ დაგვხვდა, იგი მუშაობს. მეუღლეც სამსახურშია.

„მამა დაჯილდოებაზე იყო თბილისში. კონკურსზე რომ ფოტოები გავაგზავნეთ გამარჯვების იმედი რა თქმა უნდა, გვქონდა. ფოტოზე რომ ხედავთ დაახლოებით 4 მეტრამდე სიმაღლის მცენარის დეკორატიულ გვირაბებს, ეს მე და მამამ ვიმუშავეთ მის გამოყვანაზე 15 წლის მანძილზე, დედა გვეხმარებოდა, მთელი ოჯახი ჩართულები ვართ ამ პროცესში. ეს გახლავთ დაფნისგან გაკეთებული გვირაბები. სწორედ დაფნაა ეს მცენარე, რომელიც ასეთ საოცარ ვიზუალს ქმნის ჩვენს ეზოში.

სახლში მოსული ყველა ნათესავი თუ რიგითი მნახველი აღფრთოვანებას ვერ მალავს. ზაფხულში ხომ საოცარი საჩრდილობელია, რომლის ანალოგი აქ დასავლეთში არავის აქვს და ყველას ძალიან მოსწონს. ეზოში გვაქვს ასევე ენდემური ჯიშის მცენარეები და ყვავილები,რომელიც ჩვენ გამოგვყავს“,- ამბობს ლანა პერტია.

პოეტი თემურ ელიავა და ლანა ბებიების შვილიშვილები არიან.

„მე და თემურ ელიავა ბებიების შვილიშვილები ვართ და ამ ეზოში გავიზარდეთ, ბავშვობის წლების მოგონებებს რომ გვინახავს ის ეზოა ეს ეზო და ჩვენი შვილების უსაყვარლესი აგარაკი, სადაც მუდამ სიყვარულით და სითბოთი გველიან მშობლები",- გვითხრა ლანამ.