„წვიმა, ელჭექი, ღამით თოვლჭყაპი...“ - ამინდი მკვეთრად იცვლება
1791224928
მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაღებული კადრებით, პენიტენციური სამსახური მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახს მორიგი სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია პატიმრის დედის იმ განცხადებაზე, სადაც ამტკიცებს, რომ დავითაძე სამოქალაქო კლინიკაში არ გადავა, ვიდრე მისი სოლიდარობისთვის დეესკალაციის საკნებში გადაყვანილ პატიმრებს არ გამოუშვებენ. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეო მტკიცებულებაში, მე-6 დაწესებულების თანამშრომლებზე მსჯავრდებულების თავდასხმის ორი ეპიზოდია ასახული - საუბარია 2 და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე, რაც პატიმრების დეესკალაციის საკნებში გადაყვანის რეალური მიზეზი გახდა. პენიტენციური სამსახური მკაფიოდ ამბობს, რომ აღნიშნულს კავშირი არ აქვს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ გამოცხადებულ სოლიდარობასთან, როგორც ამის წარმოჩენას მისი ოჯახის წევრები ცდილობენ.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა გვიან ღამით, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ დავითაძე, რომელმაც გაურკვეველი საგანი დემონსტრაციულად გადაყლაპა კლინიკა "ვივა მედში" არ გადავიდოდა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის მცდელობებზე დღეს იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა. პაატა სალია დაუდასტურებელი ფაქტებით მანიპულაციაში ჩართულ თითოეულ პირს აფრთხილებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დეზორგანიზაციის შეტანის ნებისმიერ მცდელობაზე სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება.
გიორგი დავითაძის ბრალდება, ციხის თანამშრომლების შესაძლო ძალადობაზე რომ სრული სიცრუეა, ამის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმაც განაცხადა. გაავრცელა დეესკალაციის საკანში გადაყვანის და მსჯავრდებულის შემოწმების კადრებიც, სადაც არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერც სახალხო დამცველმა ნახა. ამის მიუხედავად, დავითაძის მეუღლე ირწმუნება, რომ პატიმრის უფლებები დაირღვა, თუმცა დგება კითხვა - რატომ დუმდა დავითაძე და მისი ოჯახი ცხრა თვე თუ მასზე ძალადობა 2025 წლის დეკემბერში განხორციელდა.
დავითაძის მძიმე ბრალდებას რეაგირება გასულ წელსვე მოჰყვა. გამოძიება დაიწყო და ამ დრომდე გრძელდებ. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ არსებობს ერთი გარემოებაც ან ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც მსჯავრდებულზე ძალადობას ან არასათანადო მოპყრობას ასახავს.
დეესკალაციის საკანში გადაყვანის ეპიზოდთან ერთად, უკვე საჯაროა ვიდეო კადრები, რომელიც დავითაძის საქმეში დევს. საუბარია პოლიციელის მკვლელობის მცდელობაზე, რისთვისაც ის 17 წლიან სასჯელს იხდის და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაშია მოთავსებული. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი დავითაძემ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, პოლიციელ შალვა ფერაძეს, 8-ჯერ ესროლა და წელის არეში დაჭრა. ქუჩაში მყოფი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას კი საფრთხე შეუქმნა.
ამ ვიდეო კადრების მიუხედავად, დავითაძის ოჯახი, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ახლა ძალადობაში ადანაშაულებს, ირწმუნება, რომ მსჯავრდებულს მძიმე დანაშაული ჩაადენინეს.
ავთანდილ დავითაძე სამართალდამცველებს ბრალდებებს უყენებდა 2017 წელსაც, სადაც გიორგი დავითაძის მამა ირწმუნებოდა, რომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდა.
რამდენიმე წლიან შუალედში, მსჯავრდებულის ოჯახის წევრების ეს განცხადებები სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, ბრალდებების სიყალბეს კიდევ ერთხელ ადასტურებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ შანტაჟის მცდელობა ჩავარდნილია, დეზინფორმაციული კამპანია კი გაშიფრული.
გიორგი დავითაძე, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მსჯავრდებულია. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარება. სასამართლოს ვერდიქტით, მას 17 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმარი დავითაძე ციხეში ყოფნისას სისტემატურად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინა განაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს თანამშრომლებს. სწორედ ამ დარღვევების გამო, მას პერიოდულად უფარდებენ დისციპლინარულ სახდელებს.
გიორგი დავითაძის მიმართ, სასჯელის მოხდის პერიოდში ანუ თითქმის 2 წლის განმავლობაში დისციპლინარული სახდელი 9-ჯერ გამოიყენეს.