1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში, მამასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს ავრცელებს:
,,მამაჩემი, წესისამებრ, ოქტომბერში ჩამოდიოდა. ოთხმოცდაათიანების ,,შუა საუკუნეები" იდგა. ზაფხულში სურებში ადიოდა, ჯერ თხილს აბინავებდა და მერე შეშას ამზადებდა. პატარა, ქოხისმაგვარი სახლი, უშუქობა, უმეზობლობა, უიმედოება. ბუხარი არის და ცეცხლის დანთება შეგიძლია, მაგრამ ამდენი სასტიკი უ-ს შემხედვარეს და შემგრძნობს, არც მაგის ხალისი გაქვს, თუნდაც გალუმპული იყო და გციოდეს. ჰოდა, ერთხელაც მამაჩემი მორიგ ოქტომბერში ჩამოვიდა და მიყვება, რომ მთელი დღე წვიმდა და "თხილს ხეკდა". საღამოს ავტობუსი მოხრიგინდა თემში, ქვევით და ოზურგეთიდან ,,გამოტანებულს’’ დახვდა. იქნებოდა იქ ლამფის ფითილები, ორი თავი ყველი, პურები, მჭადის ფქვილი, შპროტები და გამოსაცვლელი შარვალი, სიჩქარეში რომ დარჩა. ამოიარა ტალახიანი აღმართი, შევიდა ოთახში, ინერციით შეხსნა ფუთას თავი, დაიწყო დაზარებით ამოლაგება დაზეპირუბული გზავნილის.
და უცებ... და უცებ პატარა ბროშურა გადმოვარდა. გიორგი კეკელიძე. " დაიბადა ხარი, ჰოდა..." 1998 წელი... ლექსების პატარა კრებული.
კარგმა ხალხმა რაღაც ნიჭი შემამჩნია და გამოსცა. მამაჩემი იმ დროის და განცდის კაცი იყო, ბეჭდურად გამოხატული სიტყვა სულ სხვა წონას რომ გულისხმობდა.
წამიერად მთელი დაღლა და იუმედობა მომეხსნაო. მოვისროლე წვიმით სავსე ბუშლატა და გიჟივით ცეკვა დავიწყეო. მივვარდი ბუხარს და დავანთეო. დიდი და საგანგებო ცეცხლი. წვერს რომ იპარსავდა და სახეზე არაყს ისვამდა ოდეკოლონივით, ის არაყი გადმოვიღე და დავლიეო.
უზარმაზარი ზეიმი ჰქონდა, უზარმაზარი. მე ვიცი ასეთი სიხარულის ფასი, ასეთი დანთებული ბუხრის ფასი, რომელიც მეორე დღეს ისევ ძველებურად ბჟუტავს, რადგან ხვალინდელი დღე ისევ განწირულია მარტოობისთვის და უიმედობისთვის. მაგრამ ასეთ ბუხრებს მაინც ვერაფერი შეედრება, ბუხრებს ცოტახნიანი ცეცხლით და ბედნიერებით", - წერს გიორგი კეკელიძე.