პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დმიტრი დიკუსარი საქართველოს "ცეკვავენ ვარსკვლავების" რამდენიმე სეზონის დამდგმელი ქორეოგრაფი გახლდათ. მას დღეისათვის, ჩვენს ქვეყანაში, დიდი სამეგობრო წრე ჰყავს და როგორც მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი გვიყვება, დასასვენებლადაც ხშირად გვსტუმრობს.
ოდესელმა დმიტრიმ, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, სამშობლოს დასაცავად, ომში მოხალისედ ჩართვა გადაწყვიტა. და ეს მოცეკვავე კაცი, რამდენიმე კვირაა, იარაღით ხელში თანამემამულეებთან ერთად იბრძვის.
უკრაინელმა ქორეოგრაფმა დღესაც გამოაქვეყნა ფეისბუქზე ფოტო პატარა მინაწერით: "ცოცხალი ვარ და კარგად ვარ. გასაკეთებელი ბევრია. ვიღებ თქვენს ჩახუტებას. დიდება უკრაინას."
ფოლადაშვილი კი უკრაინელ მეგობარზე "პრაიმტაიმთან" საუბრობს.
ოთო ფოლადაშვილი: - დიმასთან კონტაქტი, რა თქმა უნდა, მაქვს. ფრონტის ხაზზეა. შეძლებისდაგვარად ვეხმიანები, ვამხნევებ და მორალურად გვერდით ვუდგავარ.
კარგად არის, დღესაც დადო ახალი ფოტო. სამხედრო ფორმა აცვია და იბრძვის. ემოციური ფონი მაღალი და საბრძოლო აქვს. განწყობა - ბრძოლის შესაბამისი. ამბობს, ყველაფერი კარგად იქნებაო. იცის, რომ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოავლენს.
ძალიან კარგი ადამიანია. წლების წინ გავიცანი. არაერთხელ იყო საქართველოში, "ცეკვავენ ვარსკვლავების" დამდგმელი ქორეოგრაფი. მისი მეუღლეც, ალიონა შოპტენკოც ჩამოდიოდა და დმიტრის ეხმარებოდა ცეკვების დადგმაში.
ალიონა უკრაინულ "ცეკვავენ ვარსკვლავებში", ვოლოდიმერ ზელენსკის მეწყვილე იყო, როდესაც ზელენსკიმ პროექტი მოიგო.
ალიონა შოპტენკო
აქ ბევრი მეგობრები ჰყავთ. დასასვენებლად ჩამოდიან. დმიტრის ძალიან უყვარს საქართველო. ამბობს, რომ გამორჩეული ერი ვართ და ვუყვარვართ.
ვიცი მისი ხასიათი. მებრძოლია. რადგან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფრონტის ხაზზე ყოფილიყო, თავს არ დაზოგავს და ბოლომდე იბრძოლებს. გამძლეობას, გადარჩენას და მშვიდობას ვუსურვებ.
უკრაინელებმა თავიანთი სიძლიერე გამორჩეულად დააფიქსირეს. უკრაინა ჩვენი მოძმე ერია და დიმა ამას ადასტურებს...