„ნუ იქნებით კურორტი მკვლელებისთვის“ - ზელენსკი იტალიელებს მიმართავს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

იტალიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ პარლამენტარებს მიმართა და უთხრა, არ აქციონ იტალია მკვლელების კურორტად.

„თქვენ კარგად იცნობთ ჩვენს ხალხს, რომელსაც ომი არასდროს სდომებია. უკრაინელები ისეთივე ევროპელები არიან, როგორც თქვენ. თქვენ იცით, ვინ მოიტანა უკრაინაში ომი. კარგად იცნობთ მათ, ვინც მკვლელობის ბრძანებას გასცემს და მათაც, ვინც პროპაგანდას ეწევა - ისინი იტალიას დასასვენებელ ადგილად იყენებენ - არ იყოთ კურორტი მკვლელებისთვის. დაბლოკეთ ყველა უძრავი ქონება, ანგარიშები, იახტები, დაბლოკეთ ყველა, ვინც გავლენიანია რუსეთში. დაე, მათ ეს გავლენა მშვიდობისთვის გამოიყენონ, რათა ოდესმე თქვენთან დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ; მხარი დაუჭირეთ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს: ნავთობიდან დაწყებული... სრული ემბარგო, აკრძალეთ თქვენს პორტებში რუსული გემების შემოსვლა, იმისთვის, რომ მათ თავისი აგრესიისა და ზღვის დანაღმვის ფასი შეიგრძნონ. სანქციების რეჟიმში არანაირი გამონაკლისი არ დაუშვათ. არ დაუშვათ სასურსათო კრიზისი თქვენს მეზობელ რეგიონებში, დაგვეხმარეთ“, - მიმართა ზელენსკიმ იტალიელ პარლამენტარებს.

ზელენსკიმ იტალიელებს დახმარება მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მიზნით სთხოვა, რადგან ეს ომი ერთი ადამიანის მიერაა წარმოებული, რომელიც არავის სჭირდება.

„რუსული ჯარებისთვის უკრაინა კარია ევროპაში. მათ უნდათ, რომ შეიჭრან ამ კარში, მაგრამ ბარბაროსობა არ უნდა დავუშვათ. უკრაინელები პირველები იყვნენ, ვინც პანდემიის დროს დახმარება აღმოგიჩინათ, როდესაც თქვენ ეს გჭირდებოდათ. ჩვენი ექიმები გამოვგზავნეთ თქვენთან. იტალიელები იყავით პირველები, ვინც ჩვენს მოსახლეობას საშინელი წყალდიდობის დროს დაეხმარეთ“, - მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა იტალიელებს და ამ დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა მათ.