პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მარიუპოლის მკვიდრმა, ნადეჟდა სუხორუკავამ, მისი ქალაქის ყოფა აღწერა:
,,დაბომბვებს შორის გარეთ გავდივარ. ძაღლი უნდა გავასეირნო. ის გამუდმებით ტირის, კანკალებს და ჩემს ზურგს უკან იმალება. სულ მინდა დავიძინო. ჩემი ეზო, რომელიც გარშემორტყმულია მაღალსართულიანი კორპუსებით, წყნარი და მკვდარია. გარშემო მიმოხედვის აღარ მეშიანია.
მოპირდაპირე, 105-ე სახლის სადარბაზო იწვის. ცეცხლმა შთანთქა ხუთი სართული და ნელ-ნელა ხრავს მეექვსეს. ოთახში ცეცხლი ნაზად გიზგიზებს, როგორც ბუხარში. შავი, დანახშირებული ფანჯრები მინის გარეშე დარნჩნენ. იქიდან, ენასავით გადმოგდებულა ცეცხლის ალით შეტრუსული ფარდა. მშვიდი და განწირული ვუყურებ.
დარწმუნებული ვარ, რომ მალე მოვკვდები. დღეების საქმეა. ამ ქალაქში ყველა მუდმივად ელოდება სიკვდილს. ვისურვებდი, რომ ეს არ იყოს ძალიან საშინელი. სამი დღის წინ ჩემი უფროსი ძმისშვილის მეგობარი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ სახანძრო ნაწილი დაბომბეს. მაშველები დაიღუპნენ. ერთ ქალს ხელი, ფეხი და თავი მოგლიჯა. ვოცნებობ, ჩემი სხეულის ნაწილები ადგილზე დარჩეს, თუნდაც ბომბის აფეთქების შემდეგ.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, მეორე მხრივ, საომარი მოქმედებების დროს მაინც არ დამკრძალავენ. ასე გვიპასუხა პოლიციამ, როცა ისინი ქუჩაში გამოვიჭირეთ და ვკითხეთ, რა ვუყოთ ჩვენი მეგობრის გარდაცვლილ ბებიას თქო. აივანზე გაყვანა გვირჩიეს. მაინტერესებს, რამდენ აივანზე წევს გვამი?
მშვიდობის გამზირზე, ჩვენი სახლი ერთადერთია, რომელიც გადარჩა. მას ორჯერ მოხვდა ჭურვი, ზოგიერთ ბინაში ფანჯრები ჩაიმსხვრა, თუმცა, თითქმის არ დაშავებულა და სხვა სახლებთან შედარებით, იღბლიანი ჩანს.
მთელი ეზო დაფარულია ფერფლის, მინის, პლასტმასისა და ლითონის ნამტვრევების რამდენიმე ფენით. ვცდილობ არ ვუყურო სათამაშო მოედანზე დაგდებულ რკინის ნაგლეჯს. ვფიქრობ, რომ ეს არის რაკეტა, ან, შესაძლოა, ნაღმი. სულ ერთია, უბრალოდ უსიამოვნოა. მესამე სართულის ფანჯარაში ვიღაცის სახეს ვხედავ და ვკანკალებ. როგორც სჩანს, ცოცხალი ადამიანების მეშინია.
ჩემი ძაღლი ყმუილს იწყებს და ვხვდები, რომ ახლა ისევ ისვრიან. დღისით ქუჩაში ვდგავარ, გარშემო ისეთი სიჩუმეა, როგორც სასაფლაოზე. არც მანქანებია, არც ხმები, არც ბავშვები, არც ბებიები სხედან სკამებზე. ქარიც კი მოკვდა. აქ კიდევ რამდენიმე ადამიანია. ისინი სახლებთან და ავტოსადგომებზე წვანან, ტანსაცმლით დაფარულები. არ მინდა მათი ყურება. მეშინია, რომ ნაცნობს წავაწყდები.
ჩემს ქალაქში მთელი სიცოცხლე ახლა სარდაფებში დნება. ის სანთელს ჰგავს. მის ჩაქრობას არაფერი უნდა. ნებისმიერი ვიბრაცია ან ნიავი და... წყვდიადი დაისადგურებს. ვცდილობ ვიტირო, მაგრამ არ შემიძლია. მეცოდება საკუთარი თავი, ჩემი ოჯახი, ჩემი ქმარი, მეზობლები, მეგობრები. ვბრუნდები სარდაფში და ვუსმენ რკინის ბრახუნს. ორი კვირა გავიდა და აღარ მჯერა, რომ ოდესღაც ცხოვრება არსებობდა.
მარიუპოლში ხალხი სარდაფებში ჯდომას აგრძელებს. ყოველდღიურად მათთვის უფრო რთული ხდება გადარჩენა. არ აქვთ წყალი, საკვები, სინათლე, მუდმივი დაბომბვის გამო გარეთ გასვლაც კი არ შეუძლიათ. მარიუპოლელებმა უნდა იცოცხლონ. დაეხმარეთ მათ. მოყევით ამის შესახებ. ყველამ იცოდეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას აგრძელებენ“.