მობილური იუსტიციის სახლი, 2023 წელს, საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს

იუსტიცია

მობილური იუსტიციის სახლი, 2023 წელს, საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს -  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში ანგარიშის წარდგენისას

„გასულ წელს დავიწყეთ სრულიად ახალი, უნიკალური პროექტი სახელწოდებით - მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, რომელსაც დიდი მანძილის გავლა უწევს იუსტიციის სახლებამდე, მივაწოდოთ მომსახურება ადგილზე, საკუთარ ჭიშკართან. პროექტი გასულ წელს, მაღალმთიან აჭარაში სოფელ ჭახათში დავიწყეთ, სადაც მომსახურება გავუწიეთ ადგილობრივ მოსახლეობას. მას შემდეგ უკვე ამოქმედდა 7 მობილური იუსტიციის სახლი, კიდევ 2 უკვე წელს დაემატება. ასევე, 11 მობილური იუსტიციის სახლის ავტომობილი შეძენილია და ამჟამად მიმდინარეობს მათი აღჭურვა. მომავალი წლიდან, ქვეყნის ტერიტორიას სრულად დავფარავთ,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

მობილური იუსტიციის სახლი 2021 წლის სექტემბრიდან საქართველოს 7 რეგიონის: კახეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელოს, შიდა ქართლის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების სოფლად მცხოვრებ 30 000-ზე მეტ ადგილობრივ მცხოვრებს მოემსახურა.