მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით

მიხეილ სარჯველაძე

გამოსავალზე როდესაც ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით სწორად გაკეთდეს შეფასებები, შევქმნათ სწორი მოლოდინები. არასწორი მოლოდინების შექმნა არაფრის დიდებით არ არის გამართლებული, პირიქით ამორალურია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია რეალური სურათის დანახვა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მუშაობის გაგრძელება.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სამუშაო პროცესი აუცილებლად უნდა წარიმართოს მშობლების, პაციენტებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

„დიდი ინტერესით, მოლოდინით, იმედით და კეთილგანწყობით ველოდებით, მედიკამენტებთან დაკავშირებით ყველა კითხვას როდის გაეცემა პასუხი, როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები შესყიდვას. ყველა დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, სერიოზულად გაზომოს ყველა სიტყვა, რომელსაც ამბობენ თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი კონკრეტული სახელმწიფოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ეს სრული პასუხია დანარჩენი ევროპისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გადაჭრის გზებს ეძებს“,  – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ინფორმაციის მიღება და მედიკამენტების გამოყენების პრაქტიკაზე მსჯელობა სამინისტროში დიდი ხანია, მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე მიღებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

„ამასწინათ გახლდით შვეიცარიაში მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც შესაძლებლობა მქონდა, არაერთ სახელმწიფოსთან მაღალ დონეზე გაგვემართა შეხვედრები. პრაქტიკულად, იმავე საკითხების თაობაზე მსჯელობენ იქაც, ევროპულ სახელმწიფოებში და კითხვებზე პასუხის გაცემამდე არ იღებენ გადაწყვეტილებებს“,  – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ იმედი გამოთქვა, რომ გარკვეულ პრეპარატებთან დაკავშირებით სიახლეები მალე იქნება.

„დიდი იმედი მაქვს, ზოგიერთ კონკრეტულ მედიკამენტთან მიმართებით შესაძლებლობა გვექნება, მალე იქნას მიღებული გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.