პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
" ნუ ექნებათ ის ილუზია, რომ საქართველოში მძიმეწონიანი ადამიანები ვაზის და ლეღვის ფოთოლ აფარებული დადიან" - ასე იწყებს „პრაიმთაიმთან“ საკმაოდ სენსიტიურ თემაზე საუბარს მომღერალი.
ის სხვებისთვის მოტივატორიც გამხდარა და ფსიქოლოგიც. ისეთი შეიყვარა საკუთარი თავი, როგორიც არის და მას კილოგრამები არ აკომპლექსებს.
მომღერალი გააღიზიანა ერთ-ერთი მაღაზიის პოზიციამ - მომხმარებლებს არ შესთავაზოს დიდი ზომის სამოსი, რათა არ მოახდინოს ჭარბი წონის პოპულარიზაცია. ბარბარა სამხარაძე თვლის, რომ ეს მიდგომა დისკრიმინაციულია.
„ნიჭიერი 2016 -ის" გამარჯვებულმა მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ, ჭარბ წონას ბრძოლა რამდენჯერმე გამოუცხადა. სასურველი შედეგიც არაერთხელ მიიღო, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ცხოვრებაში მისი მთავარი მიზანი წონაში დაკლება არასდროს ყოფილა. მას სულ სხვა გეგმები და ოცნებები აქვს.
სიმღერა ჩემი პირველი პროფესიააო, ამბობს. ამჟამად, ტექნიკური უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ჩვენი მომავალი კოლეგა სატელევიზიო სივრცეში საკუთარ თავს გასართობი თოქ შოუს წამყვანად ხედავს. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა კიდეც და გასულ წელს youtube არხზე საკუთარი გადაცემა „სოფლის დღიურები“ გააკეთა - ოპერატორი, პროდიუსერი, მემონტაჟე და წამყვანიც თავად გახლდათ. მაყურებელს კი სოფლად მცხოვრები საინტერესო ადამიანების ისტორიებს უყვებოდა.
ამჟამად ონლაინ სკოლა „ბარბი“ აქვს შექმნილი და ათამდე პატარას ვოკალში ამეცადინებს. საკუთარი თავის დამსაქმებელი თვითონ არის, სამსახურის დაწყება სხვაგან არ უცდია.
როგორც უკვე გითხარით, მისთვის ჭარბი წონა დისკომფორტის შემქმნელი არასდროს ყოფილა, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა თემას მაინც სენსიტიურად აღიქვამს და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასაც არასდროს ერიდება. სწორედ ამ თემაზე „პრაიმტაიმი“ ბარბარა სამხარაძეს ესაუბრა.
„დიდი ზომის ტანსაცმლის შოვნა, არასდროს გამხდარა პრობლემა, დისკრიმინაციას შეეშვით...“ „მე ვიყავი ის პირველი ახალგაზრდა, რომელიც ასეთი ვიზუალით ფართო აუდიტორიის წინაშე გამოჩნდა და მე თუ არა ვინ უნდა იბრძოლოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჭარბი წონის გამო, საკუთარ თავს ისევ ჩრდილქვეშ აყენებს... მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მაღაზიის წარმომადგენელმა ლაივ ჩართვაში განაცხადა, რომ არ აქვთ XL ზომის ტანსაცმელი, რადგან არ სურთ, სიმსუქნეს პროპაგანდა გაუწიოს, ძალიან გავღიზიანდი.
მას მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ დიდი ზომის ტანსაცმლის შოვნა, არასდროს გამხდარა პრობლემა, დისკრიმინაციას შეეშვით. პრობლემა ყოველთვის თანხა იყო, რომლითაც უნდა გეყიდა ტანსაცმელი. არ დავასახელებ ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელს, სადაც ჭარბწონიანი ადამიანებისთვის არის ტანსაცმელი. ასევე ძალიან პოპულარულია მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, სადაც ასევე ყველა პუტკუნასთვის სამოსის ფართო არჩევანია. არის კიდევ ერთი საშუალება, ონლაინ შოპინგი.
ასე, რომ მინდა იმ მაღაზიის წარმომადგენელს მივმართო, ნუ ექნებათ ის ილუზია, რომ საქართველოში მძიმეწონიანი ადამიანები ვაზის და ლეღვის ფოთოლ აფარებული დადიან.“- ამბობს ბარბარა.
რატომ იჩენს საზოგადოება აგრესიას ჭარბწონიანების მიმართ? ამ თემაზე სამშაბათს, 17 მაისს 22:00 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“ ისაუბრებენ.