მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

ცეცხლის გადმოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მორწმუნეები ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებენ.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში 14:25 საათზე შევიდა. შემოსვის შემდეგ უფლის საფლავის გარშემო სამჯერ ლიტანიობა გაიმართა, რის შემდეგაც თეოფილე III სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. შემდეგ იგი განიმოსა. უფლის საფლავზე, დაახლოებით, 15.09 საათზე შევიდა და საფლავი დაიხურა.

ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:11 საათზე გადმოვიდა. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.

ომის გამო წელს ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი განსაკუთრებულ ვითარებაში გაიმართა. შეზღუდვები რამდენიმე დღეა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოიხსნა, რამაც შესაძლებელი გახადა რიტუალის სრული მასშტაბით ჩატარება. ტაძარში იმყოფებოდნენ ქართველი მომლოცველებიც და „ქრისტე აღსდგა!“ შეძახილი ისმოდა.

მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.