„მასწავლებელი ხართ? არა, მე პოლიციაში ვმუშაობ“ - ლიტერატურული კონკურსი, სადაც ათეულში შსს-ს თანამშრომელი მოხვდა

sofo

გუშინ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსის - "ვწერ მასწავლებლისთვის" გამარჯვებული ავტორების დაჯილდოება გაიმართა. ჟიურიმ (გიორგი კეკელიძე, დიანა ანფიმიადი, ზაალ ჩხეიძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ნატო ინგოროყვა) ათი საუკეთესო მოთხრობა შეარჩია.

"წერა ძალიან მიყვარს. პროცესი მამშვიდებს. ვფიქრობ ოდესმე, ბიოგრაფიული ფორმით დავწერ, გულწრფელ და ნამდვილ წიგნს. ვნახოთ" - მეუბნება სოფო გოგალაძე, შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის წარმომადგენელი.

სოფოს მოთხრობა "დილა მშვიდობისა, მეგობრებო ანუ guten morgen freunde" კონკურსანტთა ათეულში მოხვდა. საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის სპეციალური პრიზი სწორედ მას გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ სოფო მასწავლებელი არ არის, ფაქტია, მან იმ სულის გადმოცემა შეძლო, რა დავალებაც მიეცათ კონკურსანტებს.

სოფო გოგალაძე: არის ასეთი ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge რომელსაც სულ ვადევნებ თვალყურს, ვკითხულობ, ვგულშემატკივრობ. მასწავლებლების ოჯახში ვარ გაზრდილი.

ერთხელაც წავიკითხე, რომ პორტალი, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, ლიტერატურულ კონკურსს აცხადებდა სახელწოდებით "ვწერ მასწავლებლისთვის". ხუთგვერდიანი მოთხრობა უნდა დაგეწერა. რადგან წერა მიყვარს, ჩემმა ძმამაც შემაგულიანა, დაწერე რამე და გაგზავნეო.

იმ დღეს ვისვენებდი, დავჯექი და დავწერე...

მე სკოლა სურამში დავამთავრე. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდნენ. ხანას უსწრებდა ჩემი სკოლა და დირექტორი, თუ რა ხდებოდა, არ ვიცი, თუმცა ფაქტია, საოცარ გარემოში ვისწავლე უამრავი რამ და მათ შორის, უმთავრესი - ადამიანობა.

ჩემი მოთხრობის მთავარი სათქმელიც ეს არის, რა უნდა გამოჰყვეს ბავშვს სკოლიდან. 

მოთხრობა რეალურ ისტორიებზეა აგებული, ჩემს გერმანულის მასწავლებელზე, რომელთანაც გარდა ენის შესწავლისა, ვსწავლობდით ადამიანობას, ცხოვრებას, პიროვნულად ჩამოყალიბებას. მოთხრობაში მხატვრულად აღვწერ, თუ როგორ მივდიოდით თოვლიან სურამში ამ ჩვენს საყვარელ პედაგოგთან მეგობრები, სადაც ყველაფერთან ერთად, მეგობრობასაც გვასწავლიდნენ.

იმ ტკბილი წლების დამსახურებაა ის, რომ სურამში ჩასვლისას, წარმოუდგენელია გერმანისტი თამარ ჯობაძე არ მოვინახულოთ. თამრიკო მასწავლებელი იყო საოცარი, კრეატიული და ადამიანური... ძალიან გვიყვარდა. კარგსაც გვეუბნებოდა, ცუდსაც აღნიშნავდა, მაგრამ ზუსტად და დიპლომატიურად. ამიტომაც იყო, რომ როდესაც დირექტორის თანამდებობა დატოვა, მთელი სკოლა "თან გაიყოლა"... ვერავინ თმობდა. 

კონკურსის ორგანიზატორმა რომ დამირეკა, მკითხა, გაკვეთილზე ხართო? მასწავლებელი ვეგონე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობ-მეთქი რომ ვუთხარი, გაოცდა. ქალბატონმა ნატო ინგოროყვამ, ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ეს ფაქტი ახსენა კიდეც, რომ მე პედაგოგი არ ვარ და ასეთი მოთხრობა დავწერე. 

ამ ამბავს კი ნატო ინგოროყვა ასე ჰყვება.

ნატო ინგოროყვა: სოფო გოგალაძესთან მისალოცად რომ დავრეკე, ტელეფონში ჟრიამული მომესმა. მასწავლებელი ბრძანდებით, გაკვეთილის დროს ხომ არ ვრეკავ-მეთქი? - ვკითხე. არა, მე პოლიციაში ვმუშაობო, მიპასუხა. ეს იყო საინტერესო და მოულოდნელი ფაქტი ჩემთვისაც, რომ ქალბატონმა, რომელიც პოლიციაში მუშაობს, გადაწყვიტა ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა. ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო მისი ათეულში მოხვედრა და ალბათ, მისთვისაც.