„მას შემდეგ, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა“- წმ. ამბროსი აღმსარებლის გარდაცვალებიდან 95 წელი გავიდა

ამბროსი ხელაია

„ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“ - საქართველოს ეროვნული გმირი წმ. წმინდა ამბროსი ხელაია.   

29 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა ამბროსი აღმსარებლის ხსენების დღეა.

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში, საქართველოს ეროვნული გმირი ამბროსი ხელაია გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს (ძვ. სტ. 16 მარტი), ქ. თბილისში. 

უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია), დაიბადა 1861 წლის 7 სექტემბერს მარტვილში.

1885 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1887-1896 მღვდლად იყო სოჭში, შემდეგ სოხუმში. იყო აგრეთვე სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი.

ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ და შოვინისტურ პოლიტიკას აფხაზეთში. გამოდიოდა პრესაში შავრაზმელი გოლუბცოვისა და ეპისკოპოს არსენის (იზოტოვი) წინააღმდეგ, რომლების აფხაზებს ქართველების სიძულვილს უნერგავდნენ და დევნიდნენ ქართულ ენას.

 

1897 ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში შევიდა. 1900 წელს ბერად აღიკვეცა. აკადემია დაასრულა 1901 წელს.

1901 დაინიშნა ჭელიშის მონასტრის არქიმანდრიტად. 1904 გადაიყვანეს თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად.

რუსეთის პირველი რევოლუციის დროს ამბროსი იბრძოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღდგენისათვის, რის გამოც 1905 რუსეთში გადაასახლეს.

1908 ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მიეღოს მონაწილეობა. 1910 გაამართლეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს.

საქართველოში ის მხოლოდ 1917 აგვისტოში ჩამოვიდა. კენჭს იყრიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ ადგილობრივ კრებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, თუმცა მალევე მოხსნა თავისი კანდიდატურა.

1917 წლის 17 სექტემბერს არქიმანდრიტი ამბროსი აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში და იყო ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ აფხაზეთისა და სოხუმის მიტროპოლიტი.

1921 წლის მესამე საეკლესიო კრებაზე, არჩეულ იქნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, ხოლო ინთრონიზაცია 1921 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა დღეს მოხდა.

საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობის საკითხში ამბროსი მხარს უჭერდა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ბოლშევიკური რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, 1921 წლიდან, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

1922 წლის 7 თებერვალს მან თავისი ცნობილი მიმართვა გაუგზავნა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას. იგი მოითხოვდა საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას.

ამ მიმართვამ, რომელიც ითარგმნა და გამოქვეყნდა რამდენიმე ენაზე, ფართო გამოხმაურება პოვა.

1) დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან;

2) საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება.

სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან“,- აღნიშნავდა სრულიად საქართველოს სულიერი წინამძღოლი.

1922 წელსვე ამბროსი დაპატიმრებულ იქნა ე. წ. „ჩეკა“-ს მიერ და 1924 წლის ბოლომდე, იმყოფებოდა მეტეხის ციხეში. მას ეკუთვნის პატიმრობის დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები:

„ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“

წმ. ამბროსი განისვენებს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ იგი შერაცხულია წმინდანად.

2013 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

გთავაზობთ ნაწყვეტს 1924 წლის მარტში გამართული სასამართლო სხდომის ოქმიდან:

მოსამართლე ბარათაშვილი – რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?

კათალიკოსი ამბროსი – გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაეცვათ ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.

პროკურორი ოკუჯავა – თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?

კათალიკოსი ამბროსი – ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რას ელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?

კათალიკოსი ამბროსი – ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?

კათალიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

მოსამართლე ერქომაიშვილი - როდის იყო საქართველო თავისუფალი?

კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს

კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას.

სასამართლოს წევრი რთველაძე – ცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?

კათალიკოსი ამბროსი – მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.

პროკურორი ოკუჯავა – დაასახელეთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

კათალიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.

პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?

კათალიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათალიკოსი ამბროსი – ას ოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

პროკურორი ოკუჯავა – დაასახელეთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?

კათალიკოსი ამბროსი - ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.

მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?

კათალიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც.

1927 წლის თებერვალში უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ფაქტობრივად ჩამოაშორეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობას.

ამ ნერვიულობამ, შფოთმა და ცილისწამებამ, კიდევ უფრო გააუარესა მისი ჯანმრთელობა. 1927 წლის 22 მარტს დროებითი მმართველობის წევრები შევიდნენ ამბროსი ხელაიასთან და გამოუცხადეს, რომ იგი განთავისუფლებული იყო საქმის წარმოებისაგან და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთ მპყრობელობიდან.

მეორე დღეს, 23 მარტს ამბროსი ხელაიამ დაკარგა მეტყველების უნარი, 27 მარტს გონება. 29 მარტს დილის 3 საათზე გარდაიცვალა.

დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. მისი პირადი არქივი, რომელიც მის ქადაგებებს, მიმოწერასა და შემოქმედებით საქმიანობას ასახავს, დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. 2013 წლის 26 სექტემბერს, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

„საქართველოს ეკლესიის დიდებაო და სიქადულო, სიმართლისათვის დევნულო წმინდაო მღვდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო, ღირსებით გადიდებთ შენ!“