„მამამ მეორე შვილს დაკარგული შვილის სახელი დაარქვა, ის ბიჭიც გარდაიცვალა“ - ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

ტრაგედია

ტრაგედია, რომელმაც 1993 წელს მთელი საქართველო შეძრა - სექტემბრის თვეში სოხუმის აეროდრომიდან ვერტმფრენი აფრინდა, სადაც ბავშვები, მეძუძური დედები და დაჭრილი ადამიანები იმყოფებოდნენ. ყველას უნდოდა სამშვიდობოზე გასვლა და გადარჩენა იმ ჯოჯოხეთიდან, რაც სოხუმში ხდებოდა. სწორედ ეს ვერტმფრენი სვანეთში კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა.

ამ ტრაგედიას გადაურჩა მხოლოდ სამი ადამიანი, ერთ-ერთი 2 წლის გიორგი იყო, მისი მეძუძური დედა და ახალშობილი ძმა კი დაიღუპნენ.

2 წლის გიორგის კვალს ოჯახმა ამ დრომდე ვერ მიაგნო.. და ეს მხოლოდ ერთი დიდი ტრაგედია არ ყოფილა თოდუების ოჯახისთვის. „პრაიმტაიმი“ დაკარგული გიორგის დეიდის ქმარს, დავით ჭითანავას ესაუბრა.

დავით ჭითანავა: როგორც მე მახსოვს, ბიჭი, რომელმაც ეს ბავშვი ჩამოიყვანა, სასულიერო პირის ძმა იყო, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე ცხოვრობდა. მასთან სახლშიც ვიყავი.. კაცს, რომელმაც მათ შემახვედრა, სოსო ერქვა.

ბავშვთან დაკავშირებით, სოსო არაფერს ამბობდა. მთელი დღე მანქანაში მეჯდა, სახლშიც მივიყვანე. ეს როგორც ლტოლვილი მეუღლესთან ერთად, სვანეთის უბნის ასასვლელში ცხოვრობდა. საღამოს რომ ჩამოვსვი სახლში, არ მინდა უბანში მისვლა, ჯერ გავივლიო.... მან მითხრა მისამართი ბიჭის, რომელზეც ბავშვი გააშვილა. ისინი მეტროსადგურ „300 არაგველთან“ ცხოვრობდნენ.

ამ ბიჭს სვანური გვარი ჰქონდა, გაშვილების ამბავი მომიყვა. მაშინ არც ფინანსებზე, არაფერზე უკან არ ვიხევდი, რამდენი თანხაც მოგცეს, ორმაგად აგინაზღაურებ მეთქი. თან დავპირდი, რომ არსად განვაცხადებდი.

მეორე დღეს, სადღაც 11 საათისთვის დავურეკე სოსოს და მეზობელმა აიღო ყურმილი. მე მგონი, დიასახლისის შვილი იყო. მითხრა, რომ სოსომ გუშინ თავი ჩამოიხრჩოო. ეს მოხდა საბჭოს ქუჩასთან, პარკში, დამწვარი ჯიხურში. როგორც მითხრეს, იქვე 2 შამპანურის ბოთლი იპოვეს, მავთულით ჰქონდა თავი ჩამომხრჩვალი... ის სასმელი დალეული იყო. მაშინ სუიციდში ეჭვი შემეპარა...

წლები გავიდა, რუსეთში ვიყავი წელიწად-ნახევარზე მეტი. როცა ჩამოვედი, იმ ეზოში აღარავინ იყო. მაშინ ძალიან მონდომებით ვეძებდით ბავშვს.

გიორგის მამამ მეორე ოჯახი შექმნა. პირველი ბიჭი რომ შეეძინა, გიორგის, ვისაც ვეძებთ იმის სახელი დაარქვა.. უბედურება მოხდა, ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ჩემი ყოფილი ქვისლი გარდაცვლილი ცოლის საფლავზე მეუღლესთან ერთად დადის, შემდეგ მეორე ბიჭიც შეეძინათ. ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია..

გიორგის პოვნის იმედი მამას აღარ აქვს... დიდი დრო გავიდა და უფრო გაჭირდება.