"მახსოვს, დაჭრილები რომ გამოვიყვანეთ... მერე გონება დავკარგე..." - რას იხსენებს აფხაზეთის ომის ვეტერანი

lomidze

ყოველი წლის ივლისი აფხაზეთის ომის ვეტერან მებრძოლებს ჭრილობებს უახლებს. ისევ იჭრებიან, ისევ სტკივათ თვალწინ გარდაცვლილი თანამებრძოლები. ხელახლა იხვევენ 31 წლის წინ შეხსნილ იარებს...

მებრძოლები ბოლომდე ომის პულსაციით აგრძელებენ ცხოვრებას. 

მახსოვს, ვეტერანმა ირაკლი ლომიძემ ინტერვიუში მითხრა: "მებრძოლს ომი არ ტოვებს. დილაობით ბალიში ხშირად მხვდება სველი. სულიერი ტკივილები რომ მომეძალება, მოძღვართან მივდივარ, ჩემს თანამებრძოლთან..."

მტერთან ბრძოლის დღეებს "პრაიმტაიმთან" იხსენებს. 

ირაკლი ლომიძე: - 2 ივლისს დესანტი გადმოსხეს, ლებედის არმია, აფხაზეთის დანაყოფები. გაწყვიტეს დუშეთისა და "ავაზას" ბატალიონები, საპატრულო პოლკი... დიდი ბრძოლები გაიმართა. ბევრი გარდაცვლილი იყო, მათ შორის ქალები. სასწრაფო დახმარების ბრიგადებსაც არ ინდობდნენ.

3 ივლისს თბილისიდან ავტობუსებით გავემართეთ. ფრენები შეწყვეტილი იყო. ტამიშზე 4-ში ჩავედით, გამთენიისას. დავიწყეთ შეტევა და უკუვაგდეთ მტერი. 

მახსოვს, 6 ივლისს 19 წლის გიორგი რაზმაძის ცხედარი როგორ გამოიყვანეს ზაზა ბეგლარიშვილმა და ზურა ზურაშვილმა.

მახსოვს, 14 -15 წლის ბექა გოგოსაშვილი და დედამისი ირა გოგოსაშვილი. კიდევ ჭაღარა გავროშა, გიორგი ბურაშვილი, ზაზა დვალიშვილი, რომელმაც ჩემს ფეხებზე დავარდნილი აუფეთქებელი სნარიადი სიცოცხლის ფასად ამაცილა.

ლონგი ჭელიძე, რომელიც მეჩხუბა, რომ ჩემ დაბადების დღეზე, 7-ში, შეტევაზე არ წავსულიყავი. საშკა მახსოვს, იოსელიანი, კონტუზირებულს რომ მიღებდა და ნერვიულობდა, მამაშენს რა ვუთხრა, რამე რომ მოგივიდესო.

მახსოვს, სუებმა რომ დაგვბომბეს და ტანკი რომ შემოგვეპარა. ისიც მახსოვს, კიდევ დაჭრილები რომ გამოვიყვანეთ. მერე გონება დავკარგე, იმიტომ, რომ ჩემ დაბადების დღეზე მძიმე კონტუზია მივიღე...

9 ივლისს მთელი ტამიშის გაწმენდა მოხდა... პირდაპირ შეტევაზე გადავედით. ტრიალ მინდორზე, როგორ გადავრჩით, არ ვიცი...

იმდენი დაიწერა და დაიწერება ტამიშზე, ეს რა მოსატანია. ბოდიში ძმებო, ყველა ვერ ჩამოვთვალე...

ღმერთმა აცხონოს ჩვენი მიცვალებულები. ისევ მოდის ჩემი დაბადების დღე, რომელიც ტკივილთან ასოცირდება!!!

ასევე ნახეთ:

Exclusive: "საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი..." - სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა

"წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა აქვს..." - რვა სიტყვიანი ლოცვა, რომელიც გვწმენდს და გვიცავს

"გაგვიფრინდნენ სამუდამოდ ჩვენ ღიმილის ბიჭები..." - გეგუთელი პოეტი ტრაგედიაზე ემოციურ ლექსს აქვეყნებს