1732386875
,,ლაზარეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, დიდი იმედებით გამოვედი კლინიკიდან" - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც დაშავებული ბავშვი მოინახულა.
მინისტრი აცხადებს, რომ ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევის დროს დაშავებულმა ბავშვებმა შესაძლოა, კლინიკები მალე დატოვონ.
„ვუსამძიმრებ პატარა ანგელოზის ოჯახს და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ლაზარეს მდგომარეობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გუშინდელის შემდეგ. ძალიან დიდი იმედებით გამოვედი კლინიკიდან. დიდხანს ვისაუბრე ექიმთან, რეანიმატოლოგთან, ასევე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრე. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ის დატოვებს კლინიკას. ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო, ყველაფრისთვის მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ.
რაც შეეხება მესამე ბავშვს ანდრიას, ის შეიძლება, ერთი საათის განმავლობაში გაეწეროს იაშვილის კლინიკიდან და თავს კარგად გრძნობს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ამაზე პასუხისმგებლობასა თავადაც გრძნობს.
„პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ. ასეთ ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ძალიან დამძიმებული ვარ ემოციურად, შიგნით ვიყავი და ბავშვიც ვნახე. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ბავშვის მდგომარეობა და ვფიქრობ, ერთი საათის განმავლობაში თავად ექიმი გააკეთებს კომენტარს და იქიდან გაიგებთ ყველა სხვა დეტალს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაკის პარკში სამ ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ორი ბავშვი ისევ კლინიკაში რჩება.