კულტურის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

კულტურის კომიტეტის სხდომა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ ბიბლიოთეკაში განხორციელებულ, დაგეგმილ სარესტავრაციო და აღდგენით სამუშაოებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ბიბლიოთეკის ფონდების განახლებისა და შევსების პროცესზე.

„კონსტანტინე გამსახურდიამ ისაუბრა პროექტ „გიგანტური წიგნების“ შესახებ და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში გაზეთ „ივერიის“ 1887 წლის ნომრების სრული კომპლექტი გამოიცა. მისი თქმით, პროექტი 2026 წელს გაგრძელდება.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წელს გაფართოვდა ელექტრონული რესურსების ლაბორატორია. მისივე თქმით, 2026 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მადლიერების გამოფენის“ გახსნა და სამეცნიერო ჟურნალის „ლიბრარიუმის“ გამოცემაა დაგეგმილი.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა კულტურის კომიტეტის წევრებს საგამომცემლო საქმიანობისა და საბიბლიოთეკო სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

მირიან ხოსიტაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების განვითარების ეროვნულ მოდელზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, დღესდღეობით საქართველოს საბიბლიოთეკო ქსელში 834 ბიბლიოთეკაა. მათ შორის, 662 სასოფლო, 107 საქალაქო და 65 მუნიციპალური მთავარი ბიბლიოთეკაა რეგისტრირებული. მისი თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკის მიზანი რეგიონული ბიბლიოთეკების მულტიფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრებად ჩამოყალიბებაა.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალური ბიბლიოთეკების გაძლიერება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.