ნინო წილოსანი: უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემოღებული კვოტები საქართველოს მოქალაქეების სამუშაო ადგილების დაცვას ემსახურება

ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მაღალმოთხოვნად დასაქმების ადგილებზე ქართული მუშახელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არ ჩაანაცვლონ და სწორედ ამას ემსახურება მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებისთვის შემოღებული კვოტები.

წილოსანის თქმით, ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში დასაქმების, ქვეყანაში ყოფნის სათანადო რეგულაციების განხორციელებაზე.

„საკვანძოდ მნიშვნელოვანი იყო, სწორად ყოფილიყო განსაზღვრული, რომ ისეთ პროფესიებში და დასაქმების ადგილებზე, სადაც განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება არ უნდა ჰქონდეთ, ქართულ მუშახელს წაართვან სამუშაო ადგილები, რაღაცნაირად ჩაანაცვლონ. მთავრობის მიერ შემოღებული კვოტები სწორედ საქართველოს მოქალაქეების ადგილების დაცვას ემსახურება. მთავრობის ამ გადაწყვეტილებით ჩვენი მოქალაქეები მოგებული დარჩებიან. ეს არ იქნება ბოლო ინიციატივა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში დასაქმების, აქ ყოფნის სათანადო რეგულაციების განხორციელებაზე. ეს ყველაფერი მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით საუკეთესო შედეგების მომცემი იქნება“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანის, საკურიერო მომსახურებისა და გიდების მიმართულებით ვერ დასაქმდებიან.