1771789041
რომეო მიქაუტაძის მძახალი სასამართლო პროცესზე: პატივისცემის ნიშნად შევთავაზე დახმარება და 300 000 ლარი მივეცი, რაში სჭირდებოდა, არ ჩავძიებივარ - ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი მე გადმომცეს, მაგრამ ნდობიდან გამომდინარე, გადავაგდე
პატივისცემის ნიშნად შევთავაზე დახმარება და 300 000 ლარი მივეცი - რაში სჭირდებოდა, არ ჩავძიებივარ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარის მოწმემ, გიორგი მოწყობილმა.
ის მიქაუტაძის მძახალია.
მისი თქმით, ფულის გადაცემის შემდეგ, მხარეებს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ეგზემპლარი, რომეო მიქაუტაძის მიმართ „ნდობიდან გამომდინარე“ გადააგდო.
„2010 წელს გავიცანი რომეო მიქაუტაძე. 2023 წელს ჩვენმა შვილებმა იქორწინეს და დავნათესავდით. 2024 წელს რომეოსთან ვიყავი სახლში და საუბარი ჩამოვარდა, რომ თანხა სჭირდებოდათ. პატივისცემის ნიშნად შევთავაზე დახმარება და 300 000 ლარი მივეცი. ვუთხარი, რომ არ მეჩქარებოდა და როდესაც შეძლებდა, მაშინ დაებრუნებინა. რაში სჭირდებოდა, არ ჩავძიებივარ. თანხა რომ მივაწოდე, მითხრეს, რომ ხელშეკრულებისთვის ხელი უნდა მომეწერა და მოვაწერე. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი მე გადმომცეს, მაგრამ გადავაგდე, რადგან არ მჭირდებოდა, ნდობიდან გამომდინარე. ფული სახლში მივუტანე და ნინოს გადავეცი [რომეო მიქაუტაძის მეუღლეს]“, - განაცხადა გიორგი მოწყობილმა.
პროკურორის კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა 300 000 ლარი, მოწმემ განაცხადა, რომ ეს თანხა მისი დანაზოგი იყო, რომელიც სხვადასხვა ქონების რეალიზაციიდან და ბიზნესსაქმიანობიდან ჰქონდა დაგროვებული.
ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.
ასევე, წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით წარედგინა, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.










