ილია მეორე დიდი მარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართავს და კონკრეტულ რჩევას აძლევს
1771787282
მდიდარი "სოციალურად დაუცველები". სოციალური დახმარების რეესტრში აღმოჩნდნენ შეძლებული მოქალაქეები - ადამიანები, რომელთა მაღალი შემოსავალი, ძვირადღირებული ქონება და ფინანსური შესაძლებლობები დახმარების საჭიროებას აშკარად გამორიცხავს, თუმცა ისინი ბიუჯეტიდან შემწეობას მაინც იღებენ.
ვინ აგრძელებს სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობას საჭიროების გარეშე - ეს მალე დადგინდება. მონაცემთა ბაზა წლების განმავლობაში ხელოვნურად გაფართოვდა, ამიტომ სოციალური დახმარების მიმღებთა სიების სრულმასშტაბიანი გადახედვა იწყება.
37 წლის ბ.შ. - 2025 წელს ხელზე აღებული ხელფასი - 97 825 ლარი. (კაცი)
38 წლის თ.დ. - 2025 წელს ხელზე აღებული ხელფასი - 80 350 ლარი. (ქალი)
35 წლის ლ.მ. - 2025 წელს ხელზე აღებული ხელფასი - 37 234 ლარი. (კაცი)
27 წლის გ.ჭ. - 2024 წელს გამოშვებული ჰონდას მარკის და კიდევ 2 ავტომობილი. (კაცი)
40 წლის ა.ც. - 4 ავტომობილი მას და მის ოჯახს. (ქალი)
ყველა მათგანი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა საქართველოში 185 000-ია, ასეთი ოჯახების წევრთა რიცხვი კი 710 000. რეალურად, ქვეყანა სიღარიბეს სძლევს, ხოლო სოციალურ შემწეობათა რიცხვი იზრდება. იმისთვის, რომ სახელმწიფოსგან დახმარება იმ პირებმა მიიღონ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება, ჯანდაცვის სამინისტრო შემწეობის მიმღებ ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს იწყებს.
შემწეობის მიმღებ ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმებაში მნიშვნელოვანი როლი სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლებს აქვთ. მათ უკვე შეხვდა მინისტრი. გაირკვა, რომ მოტივაცია მაღალია, სამოქმედო გეგმა კი დასახული.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, პრიორიტეტულად გადამოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, მაღალია ალბათობა, რომ სოციალურად დაუცველთა სტატუსის პირობებს არ აკმაყოფილებენ.
ბაზაში რეგისტრირებული 400 000-მდე ოჯახიდან, ნახევარზე მეტი ფულად შემწეობას არ იღებს, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით სარგებლობს.
შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების მიერ, მანიპულაციებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად გამოიყენებოდა. არქივი ასეთ არაერთ განცხადებას ინახავს.
რეალურად კი, მორატორიუმი სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს გამოცხადდა, რის საფუძველზეც ბაზაში ოჯახებს აღარ ამოწმებდნენ. ამ საკითხზე მთავრობის მეთაურმა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის დროს ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ისიც განმარტა, რომ ქვეყანაში სიღარიბის განახევრების პირობებში, დახმარების მიმღებთა რაოდენობა არ უნდა იზრდებოდეს.
ახალი გადაწყვეტილება პოლიტიკურ სპეკულაციებს წერტილს დაუსვამს. ჯანდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბაზის განახლებით სამართლიანი სოციალური სისტემა ჩამოყალიბდება.
ჯანდაცვის უწყება მოქალაქეებს ჰპირდება, რომ პროცესი ხანგრძლივი და მკაცრი იქნება. მონიტორინგის დროს შესაძლო სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, შესაბამისი უწყებები კანონის სრული დაცვით იმოქმედებენ.