1728194938
კოვიდინფიცირებულმა დიასახლისმა სასწრაფოს ბრიგადა საცივის გასასინჯად გამოიძახა
2022 წელს წინა, პანდემიურ წლებთან შედარებით იმედიანად ვუყურებთ. წამყვანი სპეციალისტების პროგნოზით, ეს წელი პანდემიის დასრულების დაწყების წელი იქნება.
რთული მდგომარეობის მიუხედავად, ახალ წელს თითოეული ჩვენგანი ამაღლებული განწყობით ვხვდებით, რადგან გვჯერა, რომ როგორიც იქნება პირველი დღე, ისე გაგრძელდება დანარჩენი 365.
სამედიცინო პერსონალს არც ახალი წლის ღამეს მოუხუჭავს თვალი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი უკვე მესამე წელია, ოჯახში ყოფნის ნაცვლად, პაციენტებთან სხვადასხვა მისამართზე ძველ წელს აცილებს და ახალს ეგებება.
ის „პრაიმტაიმთან“ იხსენებს ამ წლის ყველაზე დასამახსოვრებელ შემთხვევებს, რომლებიც განწყობას ნამდვილად აგიმაღლებთ.
„ყველა მსუბუქ მისამართზე მე და ჩემი მეწყვილე მივდიოდით სანტას ქუდებით, რამაც პაციენტები და ოჯახის წევრები ფრიად გაახალისა. ერთ-ერთ ოჯახში არტერიული წნევის გამო გამოგვიძახეს, პაციენტმა განუცხადა ოჯახს, „ამათ დანახვაზე ახლა აღარც წნევა მაქვს, აღარც თავი მტკივა, ისე გავხალისდიო“. მის შვილიშვილებსაც სავარაუდოდ, სანტები ვეგონეთ და სანტასთვის მომზადებული ლექსები ბეჯითად წაგვიკითხეს სხვა წლებთან შედარებით, წელს ფაქტობრივად, არ იყო პიროტექნიკით გამოწვეული დაზიანებები, სავარაუდოდ, მოსახლეობამ გაითვალისწინა წინა წლის ცუდი გამოცდილებები და ფრთხილად იქცეოდნენ.
გამოძახებების ძირითადი რაოდენობა შეადგინა ალკოჰოლური თრობის შედეგებმა და ნიგვზიანი სადილებით გამოწვეულმა პრობლემებმა. გვქონდა კოვიდინფიცირებულებთან გამოძახებებიც, რომლებიც მარტო შეხვდნენ ახალ წელს და სევდიანად გვეკითხებოდნენ, რამდენიმე ჭიქა შამპანიური რომ დავლიოთ, ხომ არაფერი მოგვივაო.
ასევე, კოვიდინფიცირებულმა დიასახლისმა გამოგვიძახა, გემო და ყნოსვა არ მაქვს და ამ საცივს რამის გემო აქვსო? გვყავდა პაციენტი, რომელიც ფოიერვერკების სანახავად ეზოში ჩადიოდა, სამწუხაროდ, გაიჭედა ლიფტის კაბინა და 2022-ის შემოსვლას ლიფტის კარის გაღების პროცესში შევხვდით. ისიც, ჩვენც და სამაშველო ჯგუფის ბიჭებიც, ფოიერვერკები არ გვინახავს, თუმცა ხმა ნამდვილად გვესმოდა“ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ექიმი.