კონსტანტინე თედელური საავადმყოფოში მოხვდა 

kote Tedeluri

კულინარიული შოუს „მასტერშეფის" წამყვანი და ცნობილი მზარეული კონსტანტინე თედელური საავადმყოფოში მოხვდა. როგორც თავად კონსტანტინე სოციალურ ქსელში წერს, ღორის ხორცმა მოწამლა, რომელიც დეზერტირების ბაზარში იყიდა. 

კონსტანტინე გამომწერებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ყურადღებით შეარჩიონ პროდუქტის შეძენის ადგილი.

გულშემატკირვებთან ერთად კონსტანტინეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და აქვე, მთავარი მზარეულის რეკომენდაციას ჩვენი რედაქციაც შეუერთდება და გთავაზობთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციას, რომელიც არაერთხელ გავრცელებულა.

 

რა უნდა გაითვალისწინოთ ხორცის შეძენისას:


საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;

თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.

ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.

არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში, აგრარულ ბაზრებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ.) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანი შეიძლება დაავადდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით.

გაუფრთხილდით თქვენსა და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას, დარეკეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 01“.