VIDEO: ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1734553956
საჰაერო გადაყვანისას მგზავრის გარდაცვალების, სხეულის დაზიანების, თუ ბარგის დაკარგვის შემთხვევაში კომპენსაცია იზრდება. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანებაშია საუბარი, რომელიც მიმდინარე წლის 28 დეკემბრიდან ამოქმედდება.
ცნობისთვის, „მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება 2017 წელს ამოქმედდა, თუმცა იმ პერიოდისთვის არსებული კომპენსაცია 2020 წელს ერთხელ უკვე გაიზარდა.
ასეთ დროს, ზარალის ასანაზღაურებელი კოეფიციენტია SDR, რომლის ფასი დგინდება ყოველდღიურად, 5 ძირითადი ვალუტების კალათის გამოყენებით: ევრო, აშშ დოლარი, გირვანქა-სტერლინგი, ჩინური იუანი და იაპონური იენი.
მიმდინარე წლის 13 დეკემბრის დადგენილების მიხედვით:
მგზავრის გარდაცვალების ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში არ არსებობს ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის ფინანსური პასუხისმგებლობის ზღვარი. ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს არ აქვს უფლება, უარყოს ან სადავო გახადოს კომპენსაციის გადახდის მოთხოვნა, თუ მისი ოდენობა არ აღემატება 151 880 SDR-ს ( 2020 წლის დადგენილებით ეს ზღვარი 128 821 SDR-ს შეადგენდა).
თუ კომპენსაციის გადახდის მოთხოვნა აღემატება აღნიშნულ ოდენობას, ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი უფლებამოსილია სადავო გახადოს იგი და ამტკიცოს, რომ ზიანი არ დამდგარა მისი ბრალეული ქმედების შედეგად.
2. მგზავრთა გადაყვანის შეფერხების შემთხვევაში კომპენსაცია შეიძლება განისაზღვროს 6303 SDR-მდე ოდენობით (მანამდე 5346 SDR იყო).
3. ბარგის გადაზიდვის შეფერხების შემთხვევაში კომპენსაცია შეიძლება განისაზღვროს 1519 SDR-მდე ოდენობით (მანამდე1288 SDR იყო).
4. ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების კომპენსაცია შეიძლება განისაზღვროს 1519 SDR-მდე ოდენობით (მანამდე1288 SDR იყო). თუ ბარგი რეგისტრირებულია, ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი პასუხისმგებელია მისი ბრალეულობის არარსებობის შემთხვევაშიც, თუ ბარგი გადაზიდვამდე არ იყო დაზიანებული. არარეგისტრირებული ბარგის შემთხვევაში ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი პასუხისმგებელია მხოლოდ მისი ბრალეულობის შემთხვევაში.
ამასთან, დადგენილების თანახმად:
ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ ყველა ზომა მიიღო ზიანის თავიდან ასაცილებლად ან მისი აცილება შეუძლებელი იყო. ასეთი მტკიცებულების წარდგენამდე მიიჩნევა, რომ ბარგის დაზიანება, შეფერხება, დაკარგვა და განადგურება მოხდა ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის მიზეზით.
რეგისტრაციამდე შესაბამისი განცხადების გაკეთების შემთხვევაში და დამატებითი თანხის გადახდისას, მგზავრს შეუძლია ისარგებლოს კომპენსაციის მაღალი ოდენობით.
ბარგის დაზიანების, შეფერხების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მგზავრმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის თაობაზე ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს. რეგისტრირებული ბარგის დაზიანების შემთხვევაში მგზავრმა უნდა განაცხადოს 7 დღის განმავლობაში, ხოლო ბარგის შეფერხების შემთხვევაში – 21 დღის განმავლობაში, ორივე შემთხვევაში იმ თარიღიდან, როდესაც ბარგი გადავიდა მგზავრის განკარგულებაში.
თუ ავიაგადამზიდველი და მომსახურე ავიაგადამზიდველი არ არის ერთი და იგივე პირი, მგზავრი უფლებამოსილია მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება ნებისმიერ მათგანს.
სარჩელი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, წარდგენილი უნდა იყოს შესაბამის სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის ან გადაყვანა-გადაზიდვების დღიდან ორი წლის განმავლობაში.