კინოთეატრები და tkt.ge კონკურენციის სააგენტომ 1,6 მილიონი ლარით დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა კინოთეატრები და ონლაინ ბილეთების გაყიდვის საიტი. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 9 იანვარს.

სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს "სადისტრიბუციო კომპანიასა" და შპს "თინეთს" შორის დადებული ხელშეკრულებით, კინოთეატრების ბილეთები ექსკლუზიურად მხოლოდ tkt.ge-ზე იყიდებოდა. ასევე გამოირკვა, რომ იმავე პირობებით ბილეთების გაყიდვა სურდა biletebi.ge-ს, რომლის მიმართვის საფუძველზეც დაიწყო კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა.

სააგენტო განმარტავს, რომ დაჯარიმდა შპს "ელ.ბილეთებიც" (biletebi.ge), სწორედ იმის გამო, რომ ისიც "ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას".

ჯარიმები დაეკისრათ:

"სადისტრიბუციო კომპანიას" ("სადისტრიბუციო კომპანია", შპს "კავეა საბურთალო", შპს "კავეა გალერეა", შპს "კავეა თბილისი მოლი", შპს "რუსთაველი ჰოლდინგ სინემა", შპს "ამირანი", შპს "აპოლო ბათუმი") - 1 120 562 ლარი;შპს "თინეთს" (100% წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) - 544 328 ლარი;შპს "ელ.ბილეთებს" (მომჩივანი) - 5 368 ლარი."სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე კომპანიებს შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „თინეთს“ დაევალათ - შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლისა („ექსკლუზივი“) და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების ამოღება და ხელშეკრულების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა", - წერია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.