კეზერაშვილი „ფორმულას“ 26%-იან წილს არხის გენერალურ დირექტორს 1 ლარად გადასცემს

კეზერაშვილი

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" 26%-იან წილს არხის გენერალურ დირექტორსა და 12.25%-იანი წილის მფლობელს, ზურაბ გუმბარიძეს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიყიდა. ინფორმაციას "მედიაჩეკერი" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თებერვალს გაფორმდა.

"წილის მიმღები წილის გამსხვისებლის საკუთრებაში არსებული წილის ყიდვის/საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წილის გამსხვისებლისთვის გადახდილი აქვს სიმბოლური თანხა 1.00 (ერთი) ლარის ოდენობით".

ტელეკომპანია "ფორმულას" მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზურაბ გუმბარიძემ 7 თებერვალს მიმართა. თუმცა, რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა.

"მედიაჩეკერის" ინფორმაციითვე, ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ, ტელეკომპანია "ფორმულას" წილები ასე გადანაწილდება:

მიხეილ მშვილდაძე - 12.25%

ირაკლი საღინაძე - 12.25%

ზურაბ გუმბარიძე - 38.25%

გიორგი ლიფონავა - 12.25%

"თავისუფლების ფორმულა" - 25%

 

ტელეკომპანია "ფორმულა" საჯარო რეესტრში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა.