"კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ან რატომ უნდა მნდომებოდა, რომ შეყვარებული "პრაიმჰაუსში" შემეშვა?" - როიალის სიყვარულის ისტორია

roial

როიალი გვიყვება, რომ პროექტში, სადაც უტელეფონოდ ორი თვე იყო "ჩაკეტილი", უტელეფონოდ, წარმოსახვებით მოგზაურობდა. თუ რატომ მაინცდამაინც ქუთაისში, ამას თვითონ გვიყვება.

როიალი: ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქია ქუთაისი. ქუთეისი, სიმონ. ისეთი გულკეთილი და თბილი ხალხი ცხოვრობს, სხვაგან ვერსად ნახავ. ახლა "პრაიმჰაუსიდან" რომ გავვარდი, მე და ჩემი შეყვარებული წავედით ქუთაისში. იქ, სოფელში გავიცანი ვიკას ბებია და როგორც ვიკას მოვაწონე თავი, ისე ბებიასაც. თუმცა დრო სჭირდება, რომ თავი კარგად გავაცნო.

როიალი და ვიქტორია სვანაძე ექვსწლიანი მეგობრობის შემდეგб სასიყვარულო ურთიერთობაზე გადავიდნენ.

როგორც ვიკა გვეუბნება, იმერეთში მცხოვრები ბებო, მათ ურთიერთობას, შორიდან გულშემატკივრობდა.

ვიკა: ბებია და როიალი საოცრად შეხვდნენ ერთმანეთს. იდეალურად. ბებომ იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ, უბრალოდ პირადად არ იცნობდა. და როიალმა ბებოზე იდეალური შთაბეჭდილება მოახდინა. არ ველოდი.

მე დარეჯან ბებოს გაზრდილი ვარ. სამი წლის ვიყავი დედა საბერძნეთში რომ წავიდა. დღემდე იქ ცხოვრობს. მე და ჩემი ძმა ბებომ გაგვზარდა. ის ახლახან გადავიდა სოფელში საცხოვრებლად. მამა შარშან გარდაიცვალა. 

მე და როიალი ცხრა თვეა ერთად ვართ, აქედან ორი თვე მან "პრაიმჰაუსში" გაატარა.

მინდოდა მოეგო. მას ამის შანსი რეალურად ჰქონდა. შაბათის "ლაივზე" გული ძალიან დამწყდა, მაგრამ მერე სახლში მისულმა რომ გავიაზრე, ჩვეულებრივი მომენტია, თამაშია - აგებ. უნდა მიიღო.

როიალი აქეთ მამშვიდებდა. თვლის, რომ ჟიურიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ახლა სალომეს ვგულშემატკივრობთ.

როიალი: მე თავდაჯერება არც მანამდე მაკლდა, მაგრამ ახლა უკვე ხალხმაც იცის, რასაც ვაკეთებ და ეს არის სასიამოვნო.

ვიკა: როიალი "პრაიმჰაუსმა" შეცვალა იმ კუთხით, რომ უფრო მტკიცე ხასიათი გაუხდა. ჩვენი ურთიერთობისთვისაც კარგი იყო როიალის იქ ყოფნა, თუმცა მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ან რატომ უნდა მნდომებოდა, რომ ჩემი შეყვარებული პროექტში შემეშვა? მესაკუთრე და ეგოისტი ვარ. აქვე გეტყვით, რომ ეჭვიანობა არ მქონია. ვიცი საკუთარი თავის ფასი და მასაც ათასი პროცენტით ვენდობი. უერთგულესი ბიჭია.

როიალი ზუსტად ისეთია, როგორიც ის მაყურებელმა პროექტში გაიცნო. ჩემთან ბევრად თბილია. საოცრად ჯენტლმენური თვისებები აქვს. უმაღლეს რანგში აყვანილი. მზრუნველი, მოსიყვარულე და მამაკაცურია ურთიერთობაში. 

ვიქტორიამ კულინარიული კურსი დაამთავრა, ახლა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. უნდა რომ თავისი რესტორანი ჰქონდეს.

ვიკა: ქართული კერძების მომზადება დიდად არ მიყვარს. სიახლეებით ვარ დაინტერესებული, აღმოჩენებში ვარ. კულინარიაში საინტერესო წვლილისა და სიახლეების შეტანა მინდა. საოცრად დიდი სურვილი მაქვს, რომ საკუთარი რესტორანი მქონდეს, სადაც ჩემი დატრენინგებული შეფმზარეულები იმუშავებენ...

როიალი მუსიკოსის კარიერის გაკეთებას გეგმავს. ახლა სიმღერაზე მუშაობს. "ამდენი ხანია გესმით, როიალი რეპავსო. ჰოდა, მოდით, გაჩვენებთ, რას ვრეპავ."

- და დაქორწინება არ შედის ჯერ თქვენს გეგმაში?

ვიკა: იცით, არ ვიცი... ვნახოთ... გეგმაში არ გვაქვს. გეტყვით იმას, რომ არც ვიცოდი, რომ ამხელა სიყვარულის გაცემა შემეძლო. პრინციპში მიღებაც. მანამდეც მეგონა მიყვარდა, მაგრამ როიალის შემდეგ დავრწმუნდი, რა არის ნამდვილი სიყვარული. ვიცი, რომ მასაც ჩემთან განსაკუთრებული სიყვარული აქვს, რასაც ვერასდროს ვერავისთან ვეღარ იგრძნობს.