კარიერა ფეხბურთის თამაშს ჰგავს ძალიან... ჩავთვალოთ, რომ მე ბოლო წუთებში გავათანაბრე - გიორგი გველესიანი ნაკრებში გამოძახების შესახებ

გიორგი გველესიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ფეხბურთელის კარიერაში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა.

"დილა მშვიდობისა საქართველო"-ს კითხვა ეხებოდა ეროვნულ ნაკრებში დაგვიანებით გამოძახებას და ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელის დამოკიდებულებას.

წამყვანის კითხვა: "რაღაც პერიოდები, როცა წარმატებული თამაში გქონდა, ამას არ მოჰყვა შენი გამოძახება. წლების წინ იყო შენი ფორმაში ყოფნის პიკი, როცა ძალიან მაღალ დონეზე თამაშობდი ისევე, როგორც დღეს, მაგრამ არანაირი გამოხმაურება ამას არ მოჰყოლია. ხომ არ გქონია ის ფიქრი, რომ დამთავრდა, ხელი ჩავიქნიე, თუ ბოლო მომენტამდე გქონდა მიზნად დასახული, რომ უნდა გეთამაშა ეროვნულ ნაკრებში?"

გიორგი გველესიანი: "ფეხბურთელის კარიერაში ძალიან ბევრი დაბრკოლება არსებობს, რის გამოც, შესაძლოა, ნებისმიერ ფეხბურთელს ჰქონდეს განცდა, რომ ხომ არ მეყო, ხომ არ ჯობია დავასრულო, ანუ, ბოლო ბოლო, ფარ-ხმალი დაყაროს. რა თქმა უნდა, იყო სირთულეები, რომელსაც ვერ უმკლავდები და ძალიან რთულია გადალახო, თუმცა ეს მომენტია განმასხვავებელი ფაქტორი, როდესაც ადამიანი ბოლომდე იბრძვი და არ ნებდები. ვფიქრობ, ჩემი შვილებისთვის კარგი მაგალითი ვიქნები ამ კუთხით. მუდამ ვეტყვი ამას, რომ შანსი ყოველთვის აქვთ, ბოლო წუთიც რომ იყოს. [კარიერა] ფეხბურთის თამაშს ჰგავს ძალიან - შეიძლება 89 წუთი თამაშს აგებდე, მაგრამ ოთხმოცდამეათე წუთზე გაათანაბრო ანგარიში და შემდეგ მოიგო. თუ კარიერას შევადარებთ 90 წუთს, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ბოლო წუთებში გავათანაბრე."