„კადრები ჩვენმა 14 წლის გოგომ ნახა... შოკში ჩავარდა“ - მფრინავი ლევან ჩოხელის მეუღლე

ლევან ჩოხელი

40 დღე გავიდა საბედისწერო შემთხვევიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერა. 29 ივლისს გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ 8 ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

„პრაიმტაიმი“ გარდაცვლილი მფრინავის, ლევან ჩოხელის მეუღლეს ექსკლუზიურად ესაუბრა, ნინო კვიციანი ტრაგიკულ დღეს იხსენებს.

29 ივლისს სამსახურში გავაცილე, ბოლოსაც მაშინ ვისაუბრეთ. ამ ტრაგედიის შესახებ დედასგან გავიგე. დამირეკა და ტელევიზორი რომ ჩავრთე, ვნახე... მივხვდი ეგრევე, მაგრამ ცოტა იმედი მაინც მქონდა. რომ დავრეკე, დაკავება იყო. მეორე ბავშვმა ნახა კადრები, 14 წლის არის გოგო, ანა შოკში ჩავარდა ეგრევე. მე მის დაწყნარებას მოვუნდი. მე ჩემი დამემართა, მაგრამ ეს ბავშვი ისეთ დღეში ჩავარდა... ვერ ვამშვიდებდი. შემდეგ ვთხოვე და სამსახურში მივედით. მე ისედაც ვიცოდი, რომ იქ ვერავინ გადარჩებოდა. იმ კადრს რომ უყურებს, მიხვდება ადამიანი.“ - ჰყვება ნინო კვიციანი.

29 ივლისს საქართველოში მძიმე დღე გათენდა. ცნობილი გახდა, რომ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. მათ გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. 

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი: ეკიპაჟის მეთაური მფრინავი – ზაზა ლორია; მფრინავი – დიმიტრი ქააძე, მფრინავი – ანდრო ქუჯაშვილი, მფრინავი – ლევან ჩოხელი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი: გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი: ქეთევან გულაშვილი და გიორგი ვენეცკი.

ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდა... გმირები სამების საკათედრო ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე გააცილეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დაჯილდოვდნენ.

ვახტანგ გომელაურმა დაღუპული მფრინავები და მაშველები I ხარისხის მედლით - ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, გმირულად დაღუპულების ოჯახებს 100 ათასი ლარი გადაეცა.