ჯილდო აბიტურიენტებს 1000 ლარი - ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს თანხას

ქართული ფული

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თუ მუნიციპალიტეტში მცხოვრები აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებზე საგანში მაქსიმალურ ქულას მიიღებს, მას ჯილდო 1000 ლარი გადაეცემა. ხოლო თუკი ერთზე მეტ საგანში მიიღებს უმაღლეს ქულას, ყოველ საგანზე გადაეცემა დაწესებული ჯილდო.

1500 ლარიან ფულად ჯილდოს კი ის 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდა მიიღებს, რომელიც მონაწილეობდა სასწავლო-საგანმანათლებლო საერთაშორისო ოლიმპიადაში, საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით ან ინტელექტუალურ კონკურსში და მოიპოვა შესაბამისი კონკურსის/ოლიმპიადის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული.

შესაბამისი ცვლილება შევიდა „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ და დადგინდა, რომ:

წარმატებული ახალგაზრდის ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად:

– კონკურსის/ოლიმპიადის მთავარი პრიზის ან ტიტულის მოპოვებისთვის – 1500 ლარი;

– ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, თითოეულ საგანში მაქსიმალური ქულის მიღებისთვის – 1000 ლარი. ერთზე მეტ საგანში მაქსიმალური ქულის მიღების შემთხვევაში, ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება თითოეულ საგანში მიღწეული შედეგის გათვალისწინებით, თითოეულ საგანზე 1000 ლარის ოდენობით.

რა დასჭირდება პირს ჯილდოს მისაღებად:

წარმატებულმა ახალგაზრდამ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; კონკურსში/ოლიმპიადაში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მაქსიმალური ქულის მიღების შემთხვევაში – შესაბამისი ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასევე წარსადგენი იქნება, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების დამადასტურებელი დოკუმენტი.

✕