,,ისინი ჩემი გუდაურის მფარველი ანგელოზები არიან..." - მთისა ყველაშვილი

მთისა

29 ივლისის გუდაურის ტრაგედიას რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ საბედისწერო დღიდან თითქმის ორი თვის თავზე, შემთხვევის ადგილზე ყველაფერი ისევ ისეა, როგორც - იმ დღეს...

არ ნელდება ემოციები, ტკივილი კი სულ უფრო მძაფრდება...

ასე იხსენებს იმ დღეს ადგილობრივ მთისა ყველაშვილი, რომლის ცხოვრებაშიც 29 ივლისი ზაფხულის ყველაზე სევდიანი დღე აღმოჩნდა.

„შევძახე, მოხვედით არწივებო საშველად-მეთქი?!“

„დილა იყო საკმაოდ მშვიდი. პარაპლანი, რომ ჩამოვარდა ვმუშაობდი, არაფერი გამიგია. ჩემებმა დამირეკეს თბილისიდან და მკითხეს, რა მოხდა გუდაურშიო. ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე პარაპლანი ჩამოვარდა და მეგონა, რომ იმაზე მეკითხებოდნენ.

მერე ჩემმა მეგობრებმა ამოიარეს გზაზე და იმათ მითხრეს რაც ხდებოდა. საუბარი დასრულებული არ მქონდა, რომ უცებ ხსნის ხმასავით შემომესმა. ეს მომენტი მახსოვს ძალიან კარგად, ვერტმფრენმა გადამიფრინა და აღტაცებულად შევძახე, მოხვედით არწივებო საშველად-მეთქი?! გულში ჩავილაპარაკე, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი... ქარიშხალი, რომ ჩადგება და მზე გამოანათებს, ასეთი შეგრძნება დამეუფლა. საჭმლის მომზადება დავიწყე და ამასობაში მეგობრებმა მომაკითხეს, სასწრაფოდ „პანორამისკენ“ უნდა წავიდეთო.

მანქანაში ჩავჯექით და რომ ავედით იცით რა სიტუაციას შევესწარი?! კვამლი ამოდიოდა... მაშინვე მივხვდი რაც მოხდა. ვაიმე ბიჭებო-თქო, პირველი ეს ამომხდა. არ ვიცოდი კონკრეტულად ვინ ისხდნენ ვერტმფრენში, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, ზუსტად ვიცოდი, რომ ისინი იქნებოდნენ ვინც ამ რეგიონს ემსახურებოდნენ მუდმივად და რომლებსაც ძალიან კარგად ვიცნობდი. ეს იყო დიდი შოკი... გაშეშებულმა რაც ვთქვი ეს იყო: დღეიდან გუდაურს ახალი მფარველი ანგელოზები ჰყავს-მეთქი. მაშინვე მივხვდი, რომ იქ გადარჩენის შანსი არ იყო.

ვისურვებდი, რომ ცოცხალი გმირები გვყოლოდა, მაგრამ უფალმა მათი ცხონება ამ გზით გადაწყვიტა. როცა მაშველი ხარ, მფრინავი ან ექიმი, იცი, რომ შეიძლება სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი გაწირო. ჩემი გუდაურის მფარველები არიან ლევანიც, გიორგიც, ის ექიმებიც... “, - ამბობს მთისა ყველაშვილი.

„გიორგი მარგიანი ყოველთვის ახერხებდა ადამიანის გაცინებას. მასთან ვმეგობრობდი. მერე გავიგე, ისიც ეკიპაჟის წევრი იყო. გიორგის გახსნება ცრემლის გარეშე არ შემიძლია. თვითონ საოცრად პოზიტიური ადამიანი იყო. რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, სტიქიასთან ბრძოლის დროსაც კი ყოველთვის ჰქონდა პოზიტიური განწყობა ახერხებდა იმას, რომ გაეცინებინე.

ერთმანეთს ძირითადად ლომისობის დღესასწაულზე ვხდებოდით, ის მოსახლეობას ეხმარებოდა. ჩვენთან წყალმოვარდნები ხშირად არის და ყოველთვის მათი იმედი მქონდა... როცა სტიქია იყო,112-ში აღარ ვრეკავდი, პირდაპირ გიორგის და სხვა ჩვენს მაშველებს ვურეკავდი. განურჩევლად ასაკისა, ყველასთან შეეძლო მეგობრობა. ლევან ჩოხელს შორიდან ვიცნობდი. ვიცი, რომ საუკეთესო ადამიანი იყო. თრუსოს ხეობას ემსახურებოდა. ადამიანი, რომელიც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის, ცუდი ადამიანი ვერ იქნება.

დარწმუნებული ვარ, ყველა ის რვავე, ჩემი გუდაურის ანგელოზები, სულ ყველა იყვნენ დიდი ადამიანები.“ „მინდა, რომ იამაყონ უფრო მეტად, ვიდრე იგლოვონ“ „ყველა იმ ადამიანის ოჯახის წევრს მივმართავ. მინდა, რომ იამაყონ უფრო მეტად, ვიდრე იგლოვონ. ბედნიერებაა გერქვას გმირის დედა, გმირი, რომ გააჩინე...

მე ქედს ვიხრი მათ წინაშე. არ შეიძლება დიდი ადამიანი იყო მშობლის გარეშე. გუდაური ისეთი მხიარული აღარ არის, როგორც მანამდე იყო.

ყველაზე აქტიური და ხალხმრავალი ადგილი სადაც იყო მოკვდა მათთან ერთად. ამ ტრაგედიის შემდეგ, მრცხვენია მხიარულების, ბედნიერების, ხმამაღლა სიცილის... სილაღის მრცხვენია...“