პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფოტოგრაფს - ზაქარია ჭელიძეს ბრაზილიელი ფოტოდოკუმენტალისტის - Sebastião Salgado-ს პირადად ნახვა, ოცნებად ჰქონდა. 80 წლის კერპთან შესახვედრად სამყაროს უხმო, ნაცნობ-უცნობი დაიხმარა, ძალები არ დაიშურა და ლონდონში აღმოჩნდა. მართალია, ამჯერად, მის გამოფენა-საუბარს ვერ დაესწრო, თუმცა სალგადოს შეხვდა, ქუჩაში, გულით და ძალზე უშუალო გარემოში და ჯილდოდ - სამახსოვრო ფოტო მიიღო.
"ის 80 წლისაა და სიცოცხლეშივე აუცილებლად უნდა მეთქვა, თუ როგორ მიყვარს" - ამბობს ზაქარია და "პრაიმტაიმს" ლონდონიდან ემოციებს უზიარებს.
მადლობა უთხრა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიაზრა, რომ ეს ცხადად მოხდა და არ დასიზმრებია. ათობით ჯილდოსა და პრემიის მფლობელი უდიდესი კოლეგის სანახავად, საგამოფენო სივრცესთან ცხრა საათით ადრე მივიდა, ლოკაციაზე გამაგრდა და კერპის ნახვის ლოდინში გულს იმედით ივსებდა...
როცა რაღაც ასე, გულის ყელში ამოსვლამდე გსურს, სამყარო გვერდით გიდგას, მხარზე ხელს მეგობრულად გითათუნებს, გეხმარება და გახარებს.
ზაქარია ჭელიძე: სალგადოს გამოფენა, რომელმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, 7 წლის წინ, ნიუ-იორკში ვნახე. განსაკუთრებით, ერთ ფოტოს ვერ მოვწყდი.
ვერ მივხვდი, როგორ შეიძლებოდა ტექნიკურად მისი შესრულება...
მანამდე სულ რაღაცით ვიღებდი, თუმცა არც კამერა მქონია და არც - "წესიერი" ტელეფონი. ამის საშუალება არასოდეს მქონდა; ამიტომ ხელში ვისი რა ტექნიკაც მომხვდებოდა, ვცდილობდი, იმით გადამეღო.
მერე ჩემმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა, ოლიამ მაჩუქა კამერა და მითხრა: შენ ეს გჭირდება, რადგან განსაკუთრებული ხედვა გაქვს და მე ვიცი, შენგან კარგი ფოტოგრაფი დადგებაო.
დავიწყე ძიება, შესწავლა და ფიქრი და... მივხვდი, ფოტოგრაფიაში ნაბიჯები სალგადომ გადამადგმევინა.
სალგადოს ფოტოგრაფია არის ძალიან მასშტაბური, დიდი სიღრმის მატარებელი, უდიდესი მესიჯია და ნათლად ახდენს ფლორას, ფაუნასა და ადამიანს შორის არსებული სინთეზის გადმოცემას. ის ძალიან კარგად ამესიჯებს სამყაროს შინაარსს და ასევე საგულისხმოა, რომ უდიდესი დრო სჭირდება თითოეულ კადრს. ტექნიკურად თუ კომპოზიციურად, ეს დიდი შრომაა...
შემიძლია გითხრათ, რომ სალგადო ცოცხალი ლეგენდააა.
მასთან შეხვედრა იმ დღიდან მინდა, როდესაც მივხვდი, რა შეგრძნებაა იყო ფოტოგრაფი; რამხელა პასუხისმგებლობაა და რა ძლიერი მესიჯი! სამყაროს ისტორიას კადრებს უტოვებ!..
ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა; ვიპოვე უდიდესი ენერგია და ბედნიერება. მერე მომინდა, ეს მისთვის მეთქვა პირადად.
ერთხელ, ნიუ-იორკში ავცდი, ერთხელაც გერმანიაში და აი, ბოლოს, როგორც იქნა, ლონდონში შევხვდი, ორიოდ დღის წინ. ამაში კი ძალიან დიდი რესურსი ჩავდე. ჩემი ლონდონში ვიზიტი დიდი ხანი იგეგმებოდა. ვინ არ მეხმარებოდა, რომ კუმირს შევხვედროდი. ყველას მადლიერი ვარ. გამოვტყდები, ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ეს შანსიც "იმაზებოდა", მაგრამ არა! შევხვდი და ვუთხარი, რომ მისი მადლობელი ვარ. თავს ვერ ვაპატიებდი, ეს ოცნება რომ არ ამხდენოდა...
სონი ევორდმა დააანონსამ რომ სალგადოს გამოფენა მისივე საუბრის თანხლებით იქნებოდა. ოთხასი ბილეთი იყო გაყიდული. ის ნამდვილად ლეგენდაა ფოტოგრაფიაში. ამდენად, აუდიტორიაც ჰყავს. ბოლო წუთამდე ველოდი, ეგებ ვინმეს "დაექენსელებინა" ბილეთი. მაგრამ ეს არ მოხდა. ამდენად მასთან შეხვედრის ბილეთი არ მქონდა, ვერც დავესწარი. მაგრამ მასთან შეხვედრა რომ საღამოს შვიდზე იწყებოდა, მე დილის თერთმეტი საათიდან იქ ვიტრიალე. და შევხვდი!
შევხვდი ქუჩაში, გავაჩერე და ვუთხარი, რომ ვარ საქართველოდან, უკვე რვა წელია თქვენთან შეხვედრაზე ვოცნებობ და ამ შეხვედრის მიზანი არის მადლობის გადახდა. მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩემი ცხოვრება საოცრებებითაა მოცული. ეს მისი ფოტოგრაფიითაა ინსპირირებული და მე თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ ჩემი მადლიერება პირადად გამომეხატა, თუ რა თქმა უნდა, გამიმართლებდა და ვნახავდი.
შემდეგ ჩემთან ერთად სამახსოვრო ფოტოს გადაღება ვთხოვე. გაეცინა, ჩემთან ერთად ფოტო რისთვის გჭირდებაო? გადავიღეთ და წავიდა...
მან ჩემი ცხოვრება შეცვალა...
და კიდევ: ყოველთვის უნდა გჯეროდეს შენი თავის, ბევრი უნდა იშრომო და სამყარო დაგაჯილდოვებს.
ფული კეთება, მისი შემოქმედებისგან მიღებული ინსპირაციით დავიწყე, შეგროვილი ფულით კი, ისევ მას შევხვდი.
ბევრ რამეში გამიმართლა, მაგრამ დიდი შრომა მაქვს ამ ყველაფერში ჩადებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი საოცნებო შეხვედრა შედგა.
***
ლონდონში პირველად არ ვარ. პირველ ვიზიტზე, ხალხი ცივად მეჩვენა. არქიტექტურულად კი საინტერესო მეგაპოლისია, რადგან ძველის და თანამედროვე შენობების საოცარი შერწყმა აქვთ. ლონდონის უდიდეს პარკებში რაც ძალიან მომწონს არის ის, რომ ბუნება ველური სახით აქვთ. არ არის ჩაბეტონებული და გადაკორტნილი. მაქსიმალურად ბუნებრივი პირობებია შექმნილი.
ახლა რაც გადავიღე, გაგიზიარებთ. თუმცა მე სალგადოსთან შეხვედრამ იმდენად დიდი შოკი მიმაღებინა, რომ ეს დღეებია მგონია, რომ სიზმარში ვარ. ფერადი და არქიტექტურული ლონდონი გადავიღე. თავად ინგლისელებისგან კი, ვერ გავთბი, სამწუხაროდ...
ასევე დაგაინტერესებთ:
რა მზადდება ბათუმში - მარინა დარასელიას მაყურებელი ახალ ამპლუაში იხილავს