გზა კიბოსთან ბრძოლიდან ქორწილამდე - „მომავალი არ უნდა დაგეგმო, ცხოვრებას თავისი გეგმები აქვს...“ - გულახდილი ინტერვიუ ცნობილ ტიკტოკერთან

ლიკა გაგნიძე

ტიკტოკერი ლიკა გაგნიძე, რომელიც გამომწერებს განსხვავებულ კონტენტს სთავაზობს და პოზიტივით ავსებს, დღეს უკვე ცხოვრების ახალი საფეხურიდან გვესაუბრება  — წლის და 7 თვის შემდეგ, მაშინ, როცა მძიმე სენი დაამარცხა, საყვარელ ადამიანზე ჯვარი დაიწერა და ქორწილიდან ლამაზი კადრებიც შემოგვთავაზა.

მიუხედავად რთული დიაგნოზისა, მან არ დაკარგა თავისებური იუმორი და ენერგია. ლიკა ინტერვიუში დეტალურად გვიყვება, როგორ შეძლო ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპის გადალახვა და როგორ აგრძელებს ახლა ცხოვრებას.

- ლიკა, როდის დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

- 2012 წელი იყო, რუსთავში გავიცანით ერთმანეთი, შემთხვევით, დამინახა ქუჩაში და მოვეწონე, თინეიჯერები ვიყავით... ორივემ ვიგრძენით, რომ ერთმანეთი მოგვეწონა და იმ ადგილზე მეგობრებთან ერთად მივდიოდით ხოლმე... შეყვარებულები 13 წელი ვიყავით. იყო პატარ-პატარა დაშორებებიც, უმნიშვნელო მიზეზების გამო... სერიოზული მიზეზი არ გვქონია, მალ-მალე ვრიგდებოდით ხოლმე...

- ჯანმრთელობის პრობლემები როდის დაგეწყოთ?

- 2024 წელს... მანამდე, უკვე დაოჯახებას ვგეგმავდით. ვფიქრობდით, რომ გრანდიოზული ქორწილი გადაგვეხადა. ისე დაემთხვა, რომ  მე ოპერაციის გაკეთება მომიწია. დიაგნოზის შესახებ სწორედ ამ ოპერაციის შემდეგ გავიგეთ. დიაგნოზის გაგებიდან 2 კვირაში დავოჯახდით, ქორწილს აღარ დაველოდეთ... ეს ჩემი მეუღლის სურვილი იყო. იმ დროს არც ხელის მოწერაზე და არც ქორწილზე ფიქრი არ შეგვეძლო, ვიკეთებდი გამოკვლევებს და კიდევ ოპერაციები მჭირდებოდა... იმ დროს, ისეთ რთულ გზას გავდიოდით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველაფერი ჩემი გამოჯანმრთელებით დასრულებულიყო.

- ზუსტი დიაგნოზი რა იყო? 

ავთვისებიანი სიმსივნე - ადენოკარცინომა გრეიდ 1, რომლის წარმოშობაც დაუდგენელი იყო, რაღაც ანალიზები დაიკარგა. ადრე, ოპერაცია გავიკეთე და იმ ნაოპერაციებ ადგილზე გაჩნდა კვანძოვანი წარმონაქმნი და სავარაუდოდ, სწორედ ეს კვანძი გადაგვარდა. ვერ გავიგეთ, კერა სადმე იყო თუ არა.

- რა ჩივილებით მიხვედით ექიმთან? 

ყველაფერი, სავარაუდოდ, 2021 წელს დაიწყო. მანამდე, რანაირი პრობლემა არ მქონია. ერთადერთი, დაბალი არტერიული წნევა მქონდა და გონება დავკარგე რამდენჯერმე, რკინადეფიციტური ანემია მქონდა, არასწორი ძილისა და კვების გამო და ეს ამ ამბავთან კავშირში არ იყო. 

რაც შეეხება ჩივილებს, 2021-ში კისტა გამისკდა და ოპერაცია გამიკეთეს. მუცელზე პატარა ნაკერი მქონდა, ამ ნაკერზე 6 თვეში ერთხელ ექოსკოპია უნდა გადამეღო და გადამეკონტროლებინა. ერთხელაც, რუსთავში, ექიმმა სიმონმა ძალიან უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შეამჩნია ნაკერის მიდამოებში ისეთი სტრუქტურა, რომელიც არ მოეწონა და ციტოლოგიურ კვლევაზე გამიშვა. თქვეს, რომ ენდომეტრიოზულ სურათს ჰგავდა. ინფორმაცია მოვიძიე და სიცოცხლისთვის საშიში რომ არ იყო, ყურადღება აღარ მივაქციე... ეს კვანძები თანდათან გაიზარდა და საკმაოდ  ძლიერი ტკივილები დამეწყო. შემდეგ ისევ დაკვირვება... ძალიან მეშინოდა ოპერაციის, მაგრამ  2024 წელს იმდენად შემაწუხა, მივედი, გავიკეთე ოპერაცია და... ამ დროს ზუსტად გავიგეთ, რაც იყო.

- რა იყო პირველი განცდები ექიმის სიტყვების მოსმენის შემდეგ?

- ვიცოდი, რომ ეს კვანძები საშიში არ იყო. სანამ ოპერაციას გავიკეთებდი, ვაკონტროლებდი ხოლმე. ოპერაციის შემდეგ, სანამ დათესავდნენ, ცუდს არაფერს ველოდი. ერთ დილით ექიმმა დამირეკა და მითხრა, აუცილებლად უნდა გნახოო. მაშინ დედა ემიგრაციაში მყავდა, მამიდა პოსტოპერაციულ პერიოდში სულ გვერდით მედგა. მას ვუთხარი, ნეტა სიმსივნე ხომ არ მაქვს მეთქი. მამიდამ ცუდად მიიღო, ეგ მეორედ არ გაივლო თავშიო, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი და ექიმთან შეგუებულივით მივედი.

- დაავადების დამარცხების მოტივაცია და ბრძოლის სურვილი თავიდანვე გაგიჩნდათ?

- ჩემს ერთ ახლობელს სიმსივნე დაუდგინდა, გავიფიქრე და ვთქვი კიდეც, მე რომ მქონოდა, სანამ გავიგებდი, იქამდე მოვკვდებოდი მეთქი, ასეთი დამოკიდებულება მქონდა. მერე ფაქტის წინაზე როცა აღმოვჩნდი, საოცარი ძალა ვიგრძენი... ერთი პერიოდი იყო გადახარშვის, შემდეგ უკვე ძალა ვიგრძენი. ადამიანის ხასიათზე, ალბათ, ზოდიაქოც მოქმედებს - კურო ვარ, საოცრად ჯიუტი და წინააღმდეგობებით სავსე. ამ დაავადებას ჯიუტად დავუდექი, შენ როგორ უნდა მაჯობო - ამ განწყობით ვიყავი. ჩემი მეუღლე, დედა ძალას და მოტივაციას მაძლევდნენ. ასევე გარშემომყოფები, რომლებიც მაგრძნობინებდნენ, რომ ჩემს თავს საშინელება არ ხდებოდა. ცდილობდნენ, ჩემთვის ღელვა და შიშები არ დაენახვებინათ, ჩემზე ეს ყველაფერი ძალიან კარგად მოქმედებდა... თითქოს, ვირუსს ვამარცხებდი. 

@likiita ცხოვრებამ ახალი სტილი მომარგო✨ვამბობდი არასდროს დავიმოკლებ თმას მეთქი,არასდროს თქვათ არასოდეს გთხოვთ❤️ #cancer #chemotherapy ♬ original sound - liki gagnidze

- გამომწერებს რამდენ ხანში გაუზიარეთ ეს ამბავი?

- 6 თვეში. მანამდე ტიკტოკში აქტიურად ვაგრძელებდი აქტიურობას. ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა. იმიტომ იყო ბევრი ადამიანისთვის დაუჯერებელი და ხუმრობა ეგონათ. მოგეხსენებათ, სპეციფიკური კონტენტი მაქვს და დარწმუნებული ვარ, დაჯერება არც უნდოდათ. გამომწერებმაც ძალიან დიდი ძალა და შემართება მომცეს. თითქოს, მათთვისაც მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამ ყველაფერს მალე დავძლევდი და მეტად მოვინდომე. 

- ბევრი ონკოპაციენტი გამოგეხმაურათ?

- ძალიან ბევრი და ბევრთანაც დავმეგობრდი. ძალიან კარგი ადამიანები არიან... ბევრი უცხო ადამიანი ცდილობდა, უანგაროდ, ფინანსურად დამხმარებოდა, თუმცა, ღმერთს მადლობა, არ დამჭირვებია... ახლობლები მედგნენ გვერდით.

@likiita

კაი ეს ერთიც და ვსოო 🥹😅❤️ნოემბრამდე ქორწილის ვიდეოებს შევეშვი სანამ ვიდეოგრაფის არ მექნება(ის სულ სხვა რამ იქნება გპირდებით😊🤗)

♬ original sound - juvedybo

- იყო ეს თქვენი საოცნებო ქორწილი და ისე ჩაიარა, როგორც წარმოგედგინათ?

- სიმართლე გითხრათ, მე ქორწილზე არ მიოცნებია. როცა გადავწყვიტეთ, უბრალოდ ჯვარი დაგვეწერა, წარმოდგენილი არ გვქონდა, რომ ქორწილის ფორმა მიგვეცა. თუმცა, ისე უცბად მოხდა ყველაფერი... ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდი და გრანდიოზული იყო, არ არის აუცილებელი, რომ 10-სართულიანი ტორტი იყოს და ბალიზე გადავიხადოთ, ჩემთვის ძალიან ბედნიერი და ამაღელვებელი დღე იყო.

@likiita

once upon a dream 🪄

♬ once upon a dream by lana del rey - malevals

- რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად ამ დღიდან, განსაკუთრებული მომენტი თუ დაიჭირეთ?

- უცხო ხალხის გაოცებული სახეები... ჯვრისწერაზე რომ მივედი, იქ რამდენიმე წყვილის სტუმარი იყო და რომ დამინახეს... გახარებული თვალები ჰქონდათ. მითხრეს, რომ ჩემს ვლოგებს ელოდებიან. ეს ფაქტი მაბედნიერებს. უცხო ხალხის ასეთი ბედნიერი სახე და სიხარული რომ დავინახე, ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი ძალიან დიდი გამარჯვება ამ ცხოვრებაში. 

- როგორია ცხოვრების ახალი ხედვა, რა იყო ყველაზე დიდი ცვლილება თქვენში?

- ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ცხოვრება ისეთი ამოუცნობია, წინასწარ ვერაფერს გეგმავ... არც მოლოდინები მაქვს, მივყვები ცხოვრების დინებას. თუმცა, რა თქმა უნდა, ვცდილობ უკეთესი შევქმნა და კარგ რაღაცებზე ვფიქრობ. არ ვფიქრობ ცუდზე, რადგან ჩვენს ფიქრებს ბევრი რამ შეუძლიათ... ჩემი რწმენაც გამყარდა, ღმერთისგან ვიგრძენი სასწაული. ვიცი, რომ შორეული მომავალი არ უნდა დავგეგმოთ, რადგან ცხოვრებას მართლაც თავისი გეგმები აქვს... 

- რას ეტყვი იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს იმ გზას გადიან, რომელიც თქვენ უკვე გაიარეთ?

- ვეტყოდი, რომ წინასწარ არაფერი ვიცით და ეს ცხოვრება სიურპრიზებით სავსეა. მთავარია, დავიჯეროთ, გვწამდეს და ყოველთვის კარგზე ვიფიქროთ. ფიქრები გვმართავს...