დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ერთმანეთი ექვსი წლის წინ, საქართველოდან ძალიან შორს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში გავიცანით. ის თავის წილ მიწას ავღანეთიდან, სამშვიდობო მისიის ფარგლებში იცავდა, მე ქართველი ჯარისკაცების საგმირო საქმეების გასაშუქებლად ვიყავი ჩასული.
მდოგვისფერ ავღანეთში საქართველოდან ჩასულ ჟურნალისტებს, ჩვენი მებრძოლი თანამემამულეები დაგვხვდნენ და მონატრებულ სამშობლოზე, უახლესი ამბები გამოგვკითხეს. ერთი მებრძოლი ვიტალი ღვინიაშვილი იყო. ის ახლა, მამა ვიტალია.
„29 წლის ვარ, რუისში დავიბადე. მამა გარდაცვლილია, მყავს დედა, და, ცოლი და ორი შვილი. ბავშვობიდან მინდოდა რაღაც დიდი საქმე მეკეთებინა. ოჯახში ფინანსური მდგომარეობა ხელს არ მიწყობდა, რომ სწავლა უნივერსიტეტში გამეგრძელებინა.
ამიტომ, ჯარში აგვისტოს ომამდე წავედი. ომის ცხელ დღეებში ცხინვალის მისადგომებთან ვიბრძოდი, წვერიახოს მთაზე. ბატალიონის უფროსი დაგვეღუპა, ბევრი სამხედრო დაგვეჭრა, შეტაკებები იყო. ქუთაისში სადაზვერვო სამსახურში ვმსახურობდი, პარალელურად, სასულიერო სემინარიაში ორ წელიწადს ვსწავლობდი.
ჯარში ხელს მიწყობდნენ, იშვიათია, როცა სამხედრო პირი მსგავს სურვილს გამოთქვამს. ბავშვობიდან გული ეკლესიისკენ მიმიწევდა. 2016 წელს, კონტრაქტით სამშვიდობო მისიაში ჩავერთე. მე-5 ქვეითი ბრიგადის 53-ე ბატალიონში დავიწყე მსახურება, კაპრალი ვიყავი, იქ დაზვერვის ოცეულში ვმსახურობდი.
7 თვის განმავლობაში ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ავღანეთში წმ. გიორგის სახელობის ტაძარი 5 თვეში ავაშენეთ და იქ მსახურება მომიწია. სამრეკლოში ზარები არ გვქონდა, ამიტომ, „კისლაროდის ბალონები“ გადავჭერით და ეს ზარები ირეკებოდა.
ბავშვობაში ტაძარში ჩემი მეზობელი ქალი მატარებდა. შემდეგ, ჯარში მე-3 ბრიგადის კაპიტანმა, მამა გობრონმა სტიქარით შემმოსა და გვერდში დამიდგა, სასულიერო ცხოვრებაში ნაბიჯები გადამედგა. ფაქტობრივად, სამხედრო და სასულიერო მისია ერთად დავიწყე. ყოველთვის დიდ მოწიწებას ვგრძნობდი სასულიერო პირების მიმართ.
ადრე მეუფე იობმა მითხრა, თუ სასულიერო პირი გახდები, მე შენ ყველაზე დიდის – ღმერთის მსახურს გაგხდიო, მაშინ გადაწყვეტილი არ მქონდა. უფალმა ისე დაალაგა ყველაფერი, რომ 2018 წელს ატოცის წმინდა გიორგის სახეობის ტაძარში დიაკვნად მეუფე იობის კურთხევით მაკურთხეს.
მართალია, სასულიერო პირი ვარ, მაგრამ სამშობლოზე ზრუნვა ახლაც არ შემიწყვეტია. ვცდილობ, რაც ჩვენს ქვეყანას წინ წასწევს, ის ვაკეთო.
ჯერ კიდევ ჯარში წმინდა გიორგის ვთხოვდი, ჩემი ქვეყნის სიძლიერესა და გამარჯვებას. ისე მოხდა, რომ ამ წმინდანის ხსენების დღეს, მისსავე სახეობის ტაძარში მაკურთხეს. სანამ კურთხევის რიტუალი დაიწყებოდა, უფალს ჩვენს ქვეყანას ვავედრებდი. მეუფე იობმა მითხრა, სანამ წმინდა ტრაპეზს მოუახლოვდები, ილოცეო.
ამ დღემდე ვამბობდი, რომ ყველაზე ღირსეული ფორმა მეცვა, ეს ჯარისკაცის სამოსი იყო. ვფიქრობდი იმ დროზე, როცა ეს ფორმა უნდა გამეხადა, რა უნდა გამეკეთებინა. როცა ტრაპეზთან სასულიერო პირის სამოსით შევიმოსე, სულ სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი, იმის გადმოცემა შეუძლებელია, რას განვიცდიდი.
წესი ასეთია, როცა სასულიერო პირი მეუფესთან საკურთხეველად მიჰყავთ ორი ადამიანი მარჯვნიდან და მარცხნიდან უდგება, ხელით მიაცილებენ. ამ დროს უდიდესი ბრძოლაა, როცა წმინდა ტრაპეზს უნდა მიუახლოვდე, სული წმინდის მადლი გადმოედინება და ხშირად, ადამიანებს გაქცევა უნდათ. სწორედ იმ დროს ვფიქრობდი, რომ ვარ ამისთვის მზად? თუმცა, სიხარული დიდი იყო. როცა დავიჩოქე აზრებს თავს ვერ ვუყრიდი. მიჭირდა უფლისთვის რამის თხოვნა. თუმცა, სულ სხვა ადამიანი წამოვდექი.
ჩემი მეუღლე აფხაზეთიდანაა. ჩვენ ყოველდღე, ქვეყნის ტკივილით ვცხოვრობთ. სანამ შევუღლდებოდით, მანამდე ჩემმა ცოლმა იცოდა, რომ ღმერთთან ახლოს ყოფნა მინდოდა და რაღაცნაირად მზად იყო ამისთვის, მაგრამ რომ არ ენერვიულა, არ მითქვამს მისთვის კურთხევის დღე…
ჩვენ 2012 წელს დავქორწინდით, გვყავს შვილები. ჩემმა ცოლმაც დიდი სტატუსი მიიღო, რომელსაც ფოფოდიობა ჰქვია. ჩვენი ცხოვრების რეჟიმი ასეთია, ისევ დილას ადრე ვდგები და მივდივარ ტაძარში, თვეში 25 დღეს მაინც ვწირავ, ჯარისკაცობისგან განსხვავებით, ახლა წვერს აღარ ვიპარსავ. ჩემი ხალხის და უფლის სამსახურში ვარ. ქარელში ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ვმსახურობ.
მეუფე იობი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ მას უხარია ჩემი სასულიერო პირობა, რადგან ახალგაზრდა ვარ და თანაც ჯარისკაცი. ახალგაზრდები, ბევრი ჩემი მეგობარი ეკლესიაში გამომყვა, ზოგიერთი სტიქაროსანია, ორი მათგანი სასულიერო პირი გახდა.
ამ სამყაროში საწყისი ადამიანია და ღმერთი ადამიანების სიყვარულში დავინახე. მინდა მათაც ჩემში ეს დაინახონ. აღსარებაზე ბევრი ახალგაზრდა მოდის, რადგან ალბათ, უადვილდებათ ჩემთვის თავიანთი საწუხარის გაზიარება. მაინც ერთი თაობა ვართ და პრობლემებიც ერთი გვაქვს…
ავღანეთში თითქმის ყოველ ღამე ვიბომბებოდით, მაგრამ ავიაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩვენამდე მხოლოდ ნამსხვრევები ცვიოდა. იქ ეჩვეოდი ამ მდგომარეობას და შიშის ფაქტორიც ქრებოდა.
ყოველ დღე ვლოცულობდი ჩემი ძმებისთვის. სანამ ავღანეთში მისია დასრულდებოდა, ჩვენს ბიჭებთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა, მათი სახეები და გვარები ჩამოწერილი მქონდა და ყოველდღე მათვის ყოველ დღე ვლოცულობდი. სანამ ცოცხალი ვიქნები, მანამ ჩემი ქვეყნისთვის ფიზიკურადაც ვიბრძოლებ და ლოცვითაც გავაძლიერებ, სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები, იქ ვიდგები.
ძალიან დიდი მადლი და პატივი მხვდა წილად რასაც ქრისტეს მღვდლობა ჰქვია. ყოველდღე ვფიქრობ, რომ ეს პატივი ჩემად არ მივიღო რადგან ეს მხოლოდ ღვთისა, მადლი რომელიც ადამიანებს უნდა მოვახმარო.“- ამბობს მამა ვიტალი.