სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები -რას ამბობენ მოკლული სპორტსმენის ახლობლები ჭიათურაში

ჭიათურა

ჭიათურაში მომხდარი მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, 55 წლის ვლადიმერ ცერცვაძემ თანაქალაქელი თანხის გამო მოკლა, შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო, ავტომობილი ხევში გადააგდო და ცეცხლი წაუკიდა.

მკვლელს გარდაცვლილი ბესო აბდულაევის 1000 ლარამდე ვალი ჰქონდა. მოკლულის ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა. ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებდნენ. მათი თქმით, სპორტსმენს ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა.

"ბესო სოფელში აკეთებდა ფერმას. ვისაც უნდა აეშენებინა ეს შენობა, წინასწარ თხოვა გარკვეული თანხა და მისცეს. მერე რომ საქმე არ დაამთავრა, შენობა არ დადგა, უთხრა რომ ან ჩემი თანხა დამიბრუნეთო ან შენობა გააკეთეთო.

ბესო დიდი, ვაჟკაცი ბიჭი იყო, მსოფლიო მესამე პრიზიორია, ერთი ადამიანი ამას ვერაფრით ვერ შეძლებდა. მე ასე მგონია",  - ამბობს მოკლულის მეუღლე, თამარ მაჭარაშვილი.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ოჯახი ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.