გულშემატკივრები საქართველო-პორტუგალიის თამაშის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი რეაბილიტაციის შემდეგ

ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ათასობით ქომაგი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაშია, მათთვის კი, ვინც გერმანიაში გამგზავრება ვერ მოახერხა, საქართველო-პორტუგალიის თამაშის პირდაპირი ტრანსლაციით ხილვას მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე შეძლებს.

მინდორზე დამონტაჟებული იქნება მონიტორები და გულშემატკივარს საშუალება ექნება, სრულიად უფასოდ, ტრიბუნებიდან უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას განცხადებით, გულშემატკივრებისთვის მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

"ველოდებით გამარჯვებას. მოვუწოდებ მოქალაქეებს მოვიდნენ მესხის სტადიონზე, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს. აქ არის შესანიშნავი გარემო ყველა ასაკის ადამიანისთვის, მაღალი ხარისხის ეკრანები. თამაშის დროიდან გამომდინარე, ტრანსპორტი იქნება გახანგრძლივებული, ასე რომ ყველა მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს და დაესწროს თამაშს", - განაცხადა ირაკლი გვილავამ.